"პუტინის გამარჯვების მარში უკრაინაში არ იქნება" - ეს არის განწყობა, რომელიც კიევშია.
"კურიერი" განაგრძობს ადგილზე მუშაობას და სამხედრო ანალიტიკოსებს ესაუბრა. მათ მოსალოდნელი საფრთხეების მასშტაბზე განსხვავებული ხედვა აქვთ, თუმცა თანხმდებიან, რომ დღეს რუსულ აგრესიას 2014 წლისგან განსხვავებული უკრაინა უპასუხებს. ყურადღებას ამახვილებენ მზადყოფნასა და პარტნიორებისგან მიღებულ სამხედრო დახმარებაზე.
"აშშ-სა და რუსეთის ფედერაციას შორის ახლა დიდი გეოპოლიტიკური თამაში მიდის. ამერიკამ კვლავ მოახერხა დასავლეთის კონსოლიდირება და მოწინავე პოზიცია დაიკავა. ჩვენ სამწუხაროდ გავხდით რუსეთის ფედერაციის სამხედრო მანქანის შემაკავებლები. აქ ორმაგი თამაში მიდის. შთაბეჭდილება რჩება, რომ პუტინს შორეული აღმოშავლეთიდან ჯარები გამოჰყავს და მათ ევროპულ ნაწილზე ალაგებს. აქ ჩინეთის საზღვარია საყურადღებო, იცით, რომ ოლიმპიადისას დაგეგმილია მათი სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმების ხელმოწერაც. დასავლეთის საზღვრებთან ძალების გადასროლით და ესკალაციით, შესაძლოა რუსეთი შორეულ აღმოსავლეთს ჩინეთის რბილ ძალას უთმობს.
ჩინეთი პირდაპირ კონფრონტაციაზე არასდროს მიდის, იგი სწორედ რბილი ძალით მუშაობს: ჩასახლებები, ასიმილაცია, არჩევნები და ასე იცვლება სახელმწიფოს საზღვარი. რაც შეეხება ჩვენს მზაობას, ავიაცია მზად გვაქვს, თუმცა გულწრფელები რომ ვიყოთ, აქ ჩვენი პარტნიორების დახმარება დაგვჭირდება. თუმცა უნდა ითქვას, რომ საბჭოთა ვერსიებისგან დიდად შორს ვერც რუსული ვერტმფრენები წავიდნენ მათი მოდერნიზებით. რაც შეეხება ფლოტს, ჩვენ დღეს განვიხილავთ უფრო მეტად სახმელეთო თავდაცვას - ეს უფრო ეფექტურია და აქ მეტის საშუალებაც გვაქვს," - აცხადებს თადარიგის პოლკოვნიკი ოლეგ ჟდანოვი.
გენერალ-ლეიტენანტი მიხაილ ზაბროცკი ამბობს, რომ შესაძლოა სამხედრო თვალსაზრისით უკრაინას იდეალური მდგომარეობა არ აქვს, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ მტერს ტერიტორიებს დაუთმობენ.
"სამწუხაროდ, რუსეთის მხრიდან აქტიური სამხედრო მოქმედებების წამოწყების უშუალო საფრთხე დღეს საკმაოდ მაღალია. საამისო სამხედრო და ტექნიკური შესაძლებლობა უკვე დიდი ხანია არსებობს, 2014 წელმა გვაჩვენა, რომ საფრთხე არ განელებულა. შესაძლოა სამხედრო თვალსაზრისით იდეალური მდგომარეობა არ გვაქვს, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ მტერს ტერიტორიებს დავუთმობთ. თუ დღევანდელ ჯარს 2014 წლისას შევადარებთ, ცალსახაა, რომ სულ სხვადასხვა რეალობა დგას. ამ დროის მანძილზე უკრაინული ჯარი სწრაფი ტემპებით განვითარდა, უკვე არსებობს საომარი გამოცდილება, ჯარისკაცებსაც სულ სხვა საბრძოლო სული აქვთ უკრაინისთვის საბრძოლველად. შედეგის გამოცნობა რთულია, რადგან ომში ბევრი შემთხევევითობა და გაუთვალისწინებლობა ხდება. თუმცა შეგვიძლია ვთქვათ, რომ პუტინის გამარჯვების მარში აქ არ იქნება," - აცხადებს გენერალ-ლეიტენანტი მიხაილ ზაბროცკი.