28 ნოემბერი 2024,   01:45
ვრცლად
"ნაციონალურ მოძრაობაში" ვერ ჩამოყალიბდნენ, შეწყვეტს თუ არა პარტია საპარლამენტო ბოიკოტს - ლიდერებს შორის აზრთა სხვადასხვაობაა

"ნაციონალურ მოძრაობაში" ისევ ვერ ჩამოყალიბდნენ - უნდა შეწყვიტონ თუ არა საპარლამენტო ბოიკოტი. ფაქტია, რომ პარტიაში აზრთა სხვადასხვაობაა და ლიდერების ნაწილი ამის საჯაროდ დაფიქსირებასაც არ ერიდება.

მაგალითად, რომან გოცირიძემ სოციალურ ქსელში ღიად დაწერა, რომ თუ "ნაციონალური მოძრაობა" პარლამენტში არ შევა, ფრაქცია დაემსგავსება იმ ფეხბურთელს, რომელსაც ტრავმის გამო ბევრი გაუცდა და წონამომატებული და ფორმადაკარგული დაუბრუნდა სათამაშო მოედანს, სადაც ბევრს ვერაფერს გააკეთებს. 

გოცირიძესგან განსხვავებული შეხედულებები აქვს პარლამენტის ფრაქციის "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშია" თავმჯდომარეს ხატია დეკანოიძეს. მისი თქმით, ფრაქცია არის მრავალფეროვანი, თუმცა უნდა მოხდეს ერთიან პოზიციაზე შეჯერება. 

"ჩვენი ფრაქცია არის მრავალფეროვანი და სხვადასხვა პოზიციებია, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ჩემი პასუხისმგებლობაც მათ შორის არის, რომ ერთიანი პოზიცია შევაჯერო. მთავარი ამოცანა მიხეილ სააკაშვილის მიმართ არაადამიანური მოპყრობა და ღირსებაშემლახავი მოპყრობის საგამოძიებო კომისიის შექმნა, ასევე სხვადსხვა საგამოძიებო კომისიებზე მხარდაჭერაა. ვფიქრობ, რომ უახლოეს დღეებში  ჩვენი საბოლოო გადაწყვეტილება უნდა ჩამოყალიბდეს, ასევე უახლოეს დღეებში უნდა დარეგისტრირდეს ეს საგამოძიებო კომისია," - აცხადებს ხატია დეკანოიძე. 

პარლამენტის ფრაქციის "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშია" თავმჯდომარის მოადგილე ლევან ბეჟაშვილი კი ამბობს, რომ მთავარ ოპოზიციურ ძალას მეტი აქტიურობა მართებს, რომელიც საპარლამენტო საქმიანობაში უნდა განახორციელოს. 

"ბუნებრივია აზრთა სხვადასხვაობა არსებობს თუ რა გზებით უნდა  გაგრძელდეს, როგორც საპარლამენტო საქმიანობა, ისე პოლიტიკური აქტიურობა, იმიტომ, რომ შეუძლებელია ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისის პირობებში ასე დიდხანს გაგრძელდეს ვითარება. ამიტომ მთავარ ოპოზიციურ ძალას ეგების ბევრად უფრო მეტი აქტიურობა, ბევრად უფრო მეტად ორგანიზებულობა, რა პროცესებიც უკვე დაწყებულია პარტიაში, შესაბამისად ამ პროცესებმა თავისი გამოძახილი უნდა ნახოს საპარლამენტო ცხოვრებაში," - აცხადებს ლევან ბეჟაშვილი.

 

დღის ამბები