28 ნოემბერი 2024,   01:38
ვრცლად
საგანგებო მდგომარეობა მიუსაფარი ძაღლების გამო - რუსეთში ცხოველების თავდასხმას ბავშვი და კაცი ემსხვერპლნენ

რუსეთის ქალაქ მაგადანის მერიამ ქალაქში მიუსაფარი ძაღლების მომრავლების გამო მუნიციპალიტეტის მასშტაბით საგანგებო სიტუაცია გამოაცხადა. მერიის სპეციალური რეჟიმის შემოღების მიზეზი ძაღლების მომრავლებასთან დაკავშირებით მოქალაქეების პრეტენზიები და მოსახლეობის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის არსებული კრიტიკულად საშიში ვითარება გახდა.

მაგადანის მერიაში განმარტავენ, რომ შექმნილი რთული ვითარების მოგვარებაში ჩართულები არიან მერიის  სამოქალაქო თავდაცვის, გარემოს დაცვის და საგანგებო სიტუაციების სამსახურების თანამშრომლები. გადაუდებელი ღონისძიებები გატარება 24-საათიან რეჟიმში იგეგმება.

როგორც მაგადანის მერი აცხადებს, მიუსაფარი ძაღლების რამდენიმე თაობის შემდეგ ისინი უკვე ნახევრად ველურ ცხოველებად ჩამოყალიბდნენ და ადამიანებს როგორც საკვებს, ისე უყურებენ.

მაგადანი ერთადერთი ადგილი არაა რუსეთში, რომელიც მიუსაფარი ძაღლების გამო მედიის ყურადღების არეალში მოექცა. გამომძიებლებმა სისხლის სამართლის საქმე აღძრეს მას შემდეგ, რაც ასტრახანის რეგიონის პრივოლჟსკის რაიონში, ავტოფარეხის კოოპერატივის მახლობლად, მიუსაფარმა ძაღლებმა მამაკაცი დაგლიჯეს.

გამოძიების ვერსიით 26 იანვარს, უპატრონო ძაღლების ჯგუფი თავს დაესხა 58 წლის ადგილობრივ მაცხოვრებელს, რომელიც სამსახურში მიდიოდა. მიყენებული ჭრილობების შედეგად მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა.

აღნიშნულ ფაქტზე გამოძიება დაუდევრობის მუხლით აღიძრა. სამართალდამცავი უწყების ინფორმაციით გამოძიება სათანადო სამართლებრივ შეფასებას მისცემს იმ პირების ქმედებებს, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან რეგიონში მიუსაფარი ძაღლების პრობლემის მოგვარებაზე.

რამდენიმე დღით ადრე, 22 იანვარს იმიერბაიკალეთის მხარეში 7 წლის გოგონა დაიკარგა, რამდენიმე საათიანი ძებნის შემდეგ ის გარდაცვლილი იპოვეს, სხეულზე კი ცხოველების მიერ თავდასხმის კვალი ეტყობოდა. ადგილობრივი საგამოძიებო უწყებების ცნობით, ის  მიუსაფარი ძაღლების მსხვერპლი გახდა.

დღის ამბები