28 ნოემბერი 2024,   01:36
ვრცლად
NDI ახალ მონაცემებს აქვეყნებს – რა საკითხებზეა გამახვილებული ყურადღება კვლევაში

NDI ახალ კვლევას აქვეყნებს. ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის ახალ მონაცემებში წერია, რომ ეკონომიკური სიდუხჭირე მოსახლეობისთვის კვლავაც მთავარი გამოწვევაა. გამოკითხულთა 49%-მა საქართველოს ეკონომიკის წინაშე მდგარ ყველაზე დიდ პრობლემად უმუშევრობა დაასახელა.

მოსახლეობის უმრავლესობა ფიქრობს, რომ არც მმართველი პარტია და არც ოპოზიცია მათი ინტერესებიდან გამომდინარე არ მოქმედებენ. კვლევაში ოპოზიციას უფრო დიდი ნეგატიური მაჩვენებელი აქვს.

მოსახლეობის უმრავლესობა პარტიათაშორის თანამშრომლობას უჭერს მხარს. 80% ფიქრობს, რომ მათმა რჩეულმა პოლიტიკურმა პარტიამ პარლამენტში მყოფ ყველა სხვა პარტიასთან უნდა ითანამშრომლოს, თუნდაც ზოგიერთი პარტიის ქმედებები ან მოსაზრებები მისთვის მიუღებელი იყოს.

მოქალაქეთა უმრავლესობა ოპოზიციასა და მმართველ პარტიას შორის შემრიგებლის როლში ადგილობრივ აქტორებს მოიაზრებს.

კიდევ ერთი საკითხი, რომელზეც კვლევაში ყურადღება გამახვილებულია კოვიდ პანდემიაა.
კორონავირუსის ორი წლის თავზე, მოსახლეობის ნახევარი მთავრობის მიერ პანდემიის მართვას დადებითად აფასებს. თუმცა ვაქცინაციის მიმართ უნდობლობის მაჩვენებელი კვლავ მაღალი რჩება: მოსახლეობის 42 პროცენტი არ აპირებს აცრას. მხოლოდ 25 პროცენტი ამბობს, რომ აიცრებოდა, 29 პროცენტი კი აცხადებს, რომ უკვე გაიკეთა ვაქცინა. ვაქცინისადმი სკეპტიკურად განწყობილი ადამიანები მთავარ მიზეზებად ვაქცინის ხარისხის მიმართ უნდობლობასა და ჯანმრთელობის პრობლემებს ასახელებენ. ამასთან, ვაქცინირებული მოსახლეობის 34 პროცენტი ბუსტერ დოზის გაკეთებას არ აპირებს ან ჯერ არ აქვს გადაწყვეტილება მიღებული.

ცნობისთვის, აღნიშნული კვლევა 2021 წლის 7-13 დეკემბრის პერიოდში ჩატარდა, საქართველოს მასშტაბით 2,099 სატელეფონო ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე, ქვეყნის სრულწლოვან მოსახლეობას შორის ჩატარდა (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). გამოკითხვის საშუალო ცდომილების ზღვარი არის +/- 1.4 პროცენტი. რესპონდენტები შემთხვევით ნომერზე დარეკვის მეთოდით შეირჩნენ. კვლევა CRRC-საქართველომ ჩაატარა.

დღის ამბები