28 ნოემბერი 2024,   01:34
ვრცლად
დედისგან მიტოვებულ 12 წლის გოგოზე ბაბუა სექსუალურად ძალადობდა, ახლა კი ციხიდანაც ემუქრება - მსხვერპლმა "კურიერს" შემზარავი ისტორიის დეტალები გაუმხილა 

პედოფილი რომელიც საკუთარ შვილიშვილზე წლების განმავლობაში სექსუალურად ძალადობდა, ახლა მას მუქარის წერილებს ციხიდან უგზავნის.

12 წლის გოგონა, რომელიც 9 წლიდან საკუთარი ოჯახის წევრის მხრიდან ძალადობის მსხვერპლია, ტრავმიდან ვერ გამოდის, რის გამოც მან რამდენჯერმე თვითმკვლელობაც სცადა.

დღეს მან "კურიერს" თავად მოუყვა გაუპატიურების არა ერთი ფაქტი. მოზარდის ისტორია იმდენად მძიმეა, რომ "რუსთავი 2" ყველა დეტალის გასაჯაროებისგან თავს იკავებს.

გოგონა მამამ დაბადებამდე მიატოვა. შემზარავი დანაშაულის შესახებ პოლიციას დედამ შეატყობინა, თუმცა ქალმა ძალადობის მსხვერპლ შვილზე საბოლოოდ თავადაც უარი თქვა, სასამართლომ კი მას მშობლის უფლება ჩამოართვა. არასრულწლოვანზე მისი მეგობრის დედა ზრუნავს, რომელსაც ბავშვი დედობილად მოიხსენიებს.

არასრულწლოვანს ბაბუა დანით აშანტაჟებდა და მოკვლით ემუქრებოდა. პედოფილს კვალის დაფარვის მიზნით მსხვერპლი ტყეში მიჰყავდა. მას ახლა სასჯელის უმაღლესი ზომა აქვს მისჯილი, თუმცა არასრულწლოვანს​ მაინც ემუქრება.

​მოზარდთან ინტერვიუ "კურიერმა" მას შემდეგ ჩაწერა, რაც ცნობილი გახდა, რომ მძიმე ფსიქოლოგიურ მდგომარეობაში მყოფმა გოგონამ ძალადობის მსხვერპლთა თავშესაფარი თვითნებურად დატოვა. მიყენებული სტრესის გამო მოზარდმა თვითმკვლელობაც რამდენჯერმე სცადა და რომ არა თავშესაფრის ადმინისტრაციის დროული რეაგირება, ყველაფერი შესაძლოა მძიმე შედეგებით დასრულებულიყო.

"კურიერმა" ძალადობის მსხვერპლი ბავშვი თავშესაფარში დააბრუნა, სადაც ის სპეციალური ზრუნვის ქვეშ იმყოფება. დაწესებულების ადმინისტრაცია, არასრულწლოვნის ინტერესებიდან გამომდინარე, ამ საქმეზე კომენტარს არ აკეთებს და არც იმას განმარტავს, თუ როგორ მოახერხა მან ტერიტორიის თვითნებურად დატოვება.

დღის ამბები