28 ნოემბერი 2024,   01:43
ვრცლად
რა სტანდარტზე გადავა ფარმაცევტული სექტორი - მინისტრის რანგში ჯანდაცვის უწყების ახალი ხელმძღვანელი დღეს პარლამენტში პირველად მივიდა

ჯანდაცვის მინისტრი საკანონმდებლო ორგანოში მინისტრის რანგში დღეს პირველად მივიდა. ზურაბ აზარაშვილი ჯანდაცვის კომიტეტის წევრებს თითქმის 2 საათი ხვდებოდა. მინისტრმა დახურულ კარს მიღმა კანონმდებლებთან განსაკუთრებული ყურადღება მედიკამენტების ფასების შემცირების საკითხს დაუთმო. ინიციატივა, რომელიც პრემიერ-მინისტრმა ჯერ კიდევ წინა კვირას დაანონსა წამლების ფასი, თურქეთის ბაზარმა უნდა გააიაფოს. 

მედიკამენტებზე ფასების კლებას ახლა ყველაზე მეტად მოსახლეობა ელოდება. მათთვის, თურქეთის ბაზრის გახსნა იმედის მომცემია.

საქართველომ თურქეთი იმ აღიარებული ქვეყნების ჩამონათვალში, საიდანაც წამლების იმპორტი ხორციელდება, ჯერ კიდევ წინა კვირას შეიყვანა. დაბალ ფასთან ერთად მნიშვნელოვანია მედიკამენტის მაღალი ხარისხიც, სწორედ ამიტომ პარლამენტი ახალ საკანონმდებლო წინადადებაზე მუშაობს. 

საკანონმდებლო წინადადება ფარმაცევტულ სექტორში მთელ რიგ ცვლილებებს მოიცავს, მათ შორის იმპორტიორ კომპანიებს დაავალდებულებს GMP სტანდარტზე გადასვლას, რაც მათ ადგილობრივ მწარმოებლებთან თანაბარ პირობებში ჩააყენებს. ფარმაცევტული საწარმოების ამ სტანდარტზე გადასვლის საკითხები ჯანდაცვის მინისტრმა დღეს ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭოს ორგანიზებით დაგეგმილ შეხვედრაზეც განიხილა. 

ახალი საკანონმდებლო რეგულაციის მიზანია ფარმაცევტული სექტორის დარეგულირება, როგორც ფასების კლება, ასევე მედიკამენტების მაღალი ხარისხი. 

დღის ამბები