28 ნოემბერი 2024,   01:31
ვრცლად
ქართული სერვისის ექსპორტი სომხეთში - იუსტიციის პროგრამები და მოძრავი იუსტიციის სახლი მინისტრმა კოლეგას პირადად გააცნო

საქართველო სომხეთს იუსტიციის პროგრამებს უზიარებს - მინისტრი კოლეგას შეხვდა და პირადად გააცნო ის სერვისები, რასაც საქართველოში წარმატებით აწვდიან მოსახლეობას.

სომხეთის იუსტიციის მინისტრმა კარენ ანდრეასიანმა მოძრავი იუსტიციის სახლი დაათვალიერა, ამასთან მხარეებს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

"აღფრთოვანებული ვარ მოძრავი იუსტიციის სახლით, დავათვალიერე ავტომობილი და ნამდვილად შესანიშნავია. საქართველოს აქვს ძალიან დიდი და კარგი გამოცდილება ამ სფეროში, თუნდაც იუსტიციის სახლები. მადლობა მინდა გადაგიხადოთ, რომ გვიზიარებთ გამოცდილებას, რომ ჩამოიყვანეთ და გვიჩვენეთ მობილური იუსტიციის სახლის ავტომობილები," - აცხადებს კარენ ანდრეასიანი.

საქართველოს იუსტიციის მინისტრის რატი ბრეგაძის განმარტებით, ერთ-ერთი მთავარი მიზანი საქართველოში განხორციელებული რეფორმების პოპულარიზაცია და მათი ექსპორტია. მინისტრის თქმით, თებერვლის ბოლოს საქართველოში, ქართულ-სომხური სამართლებრივი ფორუმი გაიმართება.

"ჩვენი ერთ-ერთი მთავარი მიზანი არის ამ რეფორმების პოპულარიზაცია, რომელიც საქართველოში ხორციელდება და ბუნებრივია მათი ექსპორტი. ვფიქრობთ ეს იქნება ძალიან წარმატებული სტარტი სომხეთიდან. გარდა ამისა, მინდა საზოგადოებამ იცოდეს, რომ თებერვლის ბოლოს უკვე გაიმართება ქართულ-სომხური სამართლებრივი ფორუმი, უკვე საქართველოში და ასევე ჩვენ შევთანხმდით თანამშრომლობის ისეთ სფეროზე, როგორიც არის მომავალში ინვესტიცია," - განაცხადა რატი ბრეგაძემ.

დღის ამბები