28 ნოემბერი 2024,   01:44
ვრცლად
უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუცია - პარლამენტარებს შორის აზრთა სხვადასხვაობა პროექტში რუსეთის როლის გამოკვეთას მოჰყვა

პოლიტიკურ მხარეებს შორის შეთანხმება ვერ შედგა. უკრაინის მხარდასაჭერად, პარლამენტში "ქართული ოცნება" საკუთარ პროექტს არეგისტრირებს. არ არის გამორიცხული ოპოზიციამ ალტერნატიული დოკუმენტი, დამოუკიდებლად შეიმუშაოს. აზრთა სხვადასხვაობა პროექტში რუსეთის როლის გამოკვეთას მოჰყვა- მხარეებს საკუთარი არგუმენტები აქვთ.

"ეს საკითხი ცდება პარტიულ ინტერესებს, იდეოლოგიურ ინტერესებს, ეს არის ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების, ეროვნული საკითხი, სწორედ ამიტომ ოპოზიციამ გამოთქვა მზადყოფნა, რომ ყველანი ერთად ვმდგარიყავით ამ პროცესში, გვეთანამშრომლა და შევთანხმებულიყავით კონკრეტულ ტექსტზე. სამწუხაროდ "ქართული ოცნება" არ თვლის ამას პრინციპულად მნიშვნელოვნად, რომ რეზოლუცია იყოს საერთო, ოპოზიციისა და ხელისუფლების მხრიდან დარეგისტრირებული და ის თვლის, რომ შესაძლებელია თვითონ დაარეგისტრიროს," - აცხადებს საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "რეფორმების ჯგუფის" თავმჯდომარე ხათუნა სამნიძე.

"ნაციონალური მოძრაობის" წევრი ხატია დეკანოიძე ტექსტში რუსეთის აგრესიის არხსენებას ასახელებს იმის მიზეზად, თუ რატომ ამბობს უარს ოპოზიცია, რომ რეზოლუციის თანაინიციატორი იყოს.

"იმ ტექსტში, რომელიც დღეს წარმოადგინა საბოლოოდ "ქართულმა ოცნებამ" რუსეთის სამხედრო აგრესია მოხსენებული არ არის. ამიტომ შესაბამისად ჩვენ თანაინიციატორები ვერ ვიქნებით ამ რეზოლუციის, გავაგრძელებთ მსჯელობას, არაა გამორიცხული, რომ ოპოზიციამ ალტერნატიული რეზოლუციის პროექტი დაარეგისტრიროს," - განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

"ლელოს" ერთ-ერთი ლიდერ ბადრი ჯაფარიძე ამბობს, რომ კონსულტაციების დროს არსებობდა რეზოლუციის ვერსია, რომელზეც თითქმის მიღწეული იყო შეთანხმება, თუმცა "ქართულმა ოცნებამ" საბოლოოდ სხვა ვერსია წარადგინა, რომელიც ოპოზიციისთვის მიუღებელია:

"ვერ შევთანხმდით იმის გამო, რომ ვერსია რომელიც დღეს განიხილებოდა და ძალიან ახლოს ვიყავით შეთანხმებასთან, ეს ვერსია იქნა უარყოფილი "ქართული ოცნების" მიერ და ისინი დაუბრუნდნენ თავდაპირველ ვერსიას რომლის ირგვლივაც ჩვენ შეთანხმება არ გვქონდა," - აღნიშნა ბადრი ჯაფარიძემ.

დღის ამბები