28 ნოემბერი 2024,   01:36
ვრცლად
ეპიდვითარება, მედიკამენტების ფასების შემცირება, დევნილების საკითხი - ზურაბ აზარაშვილი პარლამენტში ჯანდაცვის კომიტეტის წევრებს ხვდება

ჯანდაცვის ახალი მინისტრი ზურაბ აზარაშვილი პარლამენტში ჯანდაცვის კომიტეტის წევრებს ხვდება. შეხვედრა დახურულ კარს მიღმა მიმდინარეობს.

პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე
დიმიტრი ხუნდაძე ამბობს, რომ საუბარი რამდენიმე საკითხს შეეხება, მათ შორის - ეპიდვითარებას, მედიკამენტების ფასების შემცირებას, სოციალურ საკითხებს, ასევე, პარლამენტსა და ჯანდაცვის სამინისტროს შორის კომუნიკაციის გაზრდას.

"შეხვედრის მიზანია პრიორიტეტულ საკითხებზე ვისაუბროთ. რა თქმა უნდა, ვისაუბრებთ პანდემიით გამოწვეულ პრობლემებზე, ასევე, სოციალურ საკითხებზე, მათ შორის, დევნილებზე. გარდა ამისა, ფარმაცევტულ სექტორში წარმოქმნილ პრობლემებზე და პრემიერის ინიციატივაზე - მედიკამენტების თურქეთის ბაზრის გახსნასთან დაკავშირებით. ამ ბაზრის გახსნა ვფიქრობ, რომ მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს კლებას, თუმცა, საბოლოოდ, ამ სექტორში პრობლემის გადაწყვეტის აუცილებელი და ერთადერთი საშუალება არის საკანონმდებლო ბაზის შემუშავება, რომელიც საბოლოოდ დაარეგულირებს ამ სექტორს," - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ. 

დღის ამბები