28 ნოემბერი 2024,   01:30
ვრცლად
ნონა გაფრინდაშვილი VS Netflix - კალიფორნიის სასამართლომ გადაწყვეტილება უახლოეს დღეებში უნდა გამოიტანოს

საქმეზე - ნონა გაფრინდაშვილი "ნეტფლიქსის" წინააღმდეგ, კალიფორნიის სასამართლომ გადაწყვეტილება უახლოეს დღეებში უნდა გამოიტანოს.

ახლა მთავარია გაირკვეს იწყება თუ არა საქმის არსებითი განხილვა კინოწარმოების მსოფლიო გიგანტის წინააღმდეგ, რომელსაც ჭადრაკის ქართველი დედოფალი უჩივის.

"ნეტფლიქსი", რომელმაც სერიალში ნონა გაფრინდაშვილის მიმართ არა ერთი უზუსტობა დაუშვა, თვლის, რომ ეს ჯდება გამოხატვის თავისუფლებაში და სამართალწარმოების შეწყვეტას ითხოვს.

დავის გაგრძელების ორი ვარიანტია: ან იწყება საქმის არსებითი განხილვა ან ნონა გაფრინდაშვილი ზემდგომ ინსტანციაში მიდის. დღეს "კურიერმა" საქმის მასალები მოიპოვა.

"მეტწილად" არის მთავარი სადავო სიტყვა, "ლაზიერის გამბიტის" სცენარისტის ჩვენებიდან. ფრენკ სკოლტი ნონა გაფრინდაშვილის ინტერესების დამცველებთან ამბობს, რომ მოჭადრაკის შესახებ მკვლევრების მხრიდანაც კარგად ინფორმირებული იყო.

ნოველაში, რომელზე დაფუძნებით სერიალის სცენარი შეიქმნა, ნათქვამია, რომ გაფრინდაშვილი "არაერთხელ შეხვედრია ჭადრაკის რუს დიდოსტატებს". მიუხედავად ამისა, სცენარისტმა ეს ფაქტი განზრახ შეცვალა და თქვა, რომ მას "არასდროს უთამაშია მამაკაცებთან". ასევე, ურთიერთგამომრიცხავია ფრენკის სასამართლო ჩვენება. თავდაპირველ ჩვენებაში ნათქვამია, რომ მისი გუნდის კვლევაზე დაყრდნობით, გაფრინდაშვილის მონაწილეობდა მნიშვნელოვან ტურნირებში მამაკაცი დიდოსტატების წინააღმდეგ მეტწილად 1970-იან წლებში და შემდეგ. ფრენკის მიერ სიტყვის "მეტწილად" გამოყენება მიანიშნებს იმაზე, რომ მან იცოდა, რომ გაფრინდაშვილს ვაჟ დიდოსტატებთან 1970-იან წლებამდეც უთამაშია.

"კურიერისთვის" ცნობილი გახდა "ნეტფლიქსის" პოზიციაც, რომელიც თავის გამართლების ერთადერთ ბერკეტად ფილმის ჟანრს ასახელებს. ასევე ამბობს, რომ მხატვრული შინაარსის სერიალში სიუჟეტი გამოგონილია, მათ შორის მთავარი გმირი ბეთ ჰარმენი და საბჭოთა ტურნირი "მოსკოვის მოსაწვევი". სერიალის ფინალურ ეპიზოდში ბეთ ჰარმენი სწორედ ამ ტურნირში მონაწილეობს, როდესაც ნონა გაფრინდაშვილის სახელი და გვარი ჟღერდება, როგორც რუსი მოჭადრაკე, რომელსაც კაცებთან არასდროს უთამაშია.

ისტორიული პროცესი, დიდოსტატი გიგანტური Netflix-ის წინააღმდეგ გონივრულ ვადაში უნდა გაიმართოს.

იმ შემთხვევაში თუ კალიფორნიის სხდომათა დარბაზში დიდოსტატის სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდება, ნონა გაფრინდაშვილი მიიღებს ბოდიშს გიგანტური "ნეტფლიქსისგან" და 5 მილიონ ამერიკულ დოლარს.

დღის ამბები