28 ნოემბერი 2024,   01:44
ვრცლად
8500 ამერიკელი სამხედრო ბრძანებას ელოდება, NATO კი აღმოსავლეთ ევროპის საზღვრებს აძლიერებს - რა ვითარებაა უკრაინაში და რა ქმედით ნაბიჯებს დგამს დასავლეთი

NATO საკუთარ საზღვრებს აძლიერებს. ჯო ბაიდენმა მოკავშირეებთან კონსულტაციების შემდეგ, ბალტიის ქვეყნებში დამატებითი შენაერთების გაგზავნის გადაწყვეტილება მიიღო. ათასობით ამერიკელი სამხედრო ახლა ევროპაში გადაფრენის ბრძანებას ელის. დღესვე ცნობილი გახდა, რომ დანიამ ბალტიის ზღვაში ფრეგატი გაგზავნა, ლიეტუვასთვის კი, "F-16" ტიპის ავიაგამანადგურებელს ამზადებს. სამხედრო დანაყოფებს რუმინეთში გზავნის საფრანგეთი. ესპანურმა ხომალდებმა კი გეზი უკვე აიღეს შავი და ხმელთაშუა ზღვებისკენ. ნიდერლანდები ბულგარეთში სამხედრო თვითმფრინავს გზავნის, უკრაინას კი დამატებით შეიარაღებას ჩეხეთი უგზავნის.

ოფიციალური კიევი, ბრიუსელისგან NATO-ში მიღების კონკრეტული თარიღის დასახელებას ითხოვს. ომის პირას მყოფი ქვეყნის დედაქალაქიდან შეერთებულ შტატებს, დიდ ბრიტანეთს, ავსტრალიას და გერმანიას საკუთარი საელჩოების თანამშრომლები და მათი ოჯახის წევრები გაჰყავთ. უკრაინის პრეზიდენტი კი, მოსახლეობას სიმშვიდისკენ მოუწოდებს.

უკრაინისთვის 1.200 მილიარდის დახმარების გამოყოფის გადაწყვეტილება, უკვე დამტკიცდა ევროკავშირში. ბრიუსელშივე შედგა ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა, ვაშინგტონიდან პირდაპირ ხაზზე იყო სახელმწიფო დეპარტამენტიც. დისკუსიის შემდეგ, მხარეებმა აღნიშნეს, რომ უკრაინასთან ერთად, ყურადღება არც საქართველოზე და მოლდოვაზე არ უნდა მოდუნდეს. დასავლეთის კრიტიკულ გზავნილებს რუსეთი ისტერიას უწოდებს.

საქართველოს უსაფრთხოებაზე და რეგიონში მიმდინარე პროცესებზე საუბრები, ხვალიდან NATO-ს უმაღლეს წარმომადგენლებთან გაგრძელდება. პარლამენტის თავმჯდომარე, საპარლამენტო დელეგაციასთან ერთად, უკვე ბრიუსელშია.

დღის ამბები