ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა, საგარეო საკითხებში უმაღლესი წარმომადგენელმა ჟოზეფ ბორელმა, უკრაინის საკითხზე ევროპარლამენტარებთან ერთად იმსჯელა.
უკრაინის საზღვართან არსებული კრიზისის პარალელურად განიხილეს სტრატეგიის დოკუმენტი, "ევროკავშირის სტრატეგიული კომპასი", რომელიც სამომავლო საფრთხეებს და ამოცანებს განსაზღვრავს.
ჟოზეფ ბორელთან ევროპარლამენტარების კითხვები შეეხებოდა იმას, თუ რამდენად განსხვავებულია ევროპის ქვეყნების პოზიციები უკრაინასთან მიმართებით რუსეთის აგრესიასთან დაკავშირებით და შეძლებს თუ არა ევროკავშირი დეესკალაციის მისაღწევად ერთიან მოქმედებას.
"თქვენ აღნიშნეთ, რომ სტრატეგიული კომპასი ბერკეტია კრიზისების გადასაჭრელად. ახლა ყველაზე სერიოზული კრიზისი რუსული სამხედრო კონტიგენტი და მოსკოვის ქმედებებია უკრაინის ირგვლივ. ამ დროს ისევ ისმის საკმაოდ რადიკალური და განსხვავებული პოზიციები ევროპის ქვეყნების დედაქალაქებში. ჯერ კიდევ აზრთა სხვადასხვაობაა დეესკალაციის საკითხზე. მე მაინტერესებს, როცა აზრთა სხვადასხვაობაა, "სტრატეგიული კომპასით" ამ საკითხის მოგვარება როგორ მოხდება," - მიმართა ევროკომისარს ევროპარლამენტის დეპუტატმა ესტონეთიდან სვენ მიქსერმა.
ევროპარლამენტარი ვიტოლდ ვიშნიაკოვსკი კი უფრო მკაფიო ნაბიჯების მომხრეა:
"ახლა, როცა ჩვენს საზღვრებთან ხანძარია, ნამდვილად არ არის ახალი სტრუქტურების მშენებლობის დრო. პირიქით, რაც გვაქვს სწორედ ისინი უნდა გავაძლიეროთ. რუსეთი შეიძლება 3 ნაბიჯით შეაჩერო. ხელი უნდა შევუშალოთ სამხედრო კონტიგენტის გაზრდაში, უნდა გავაძლიეროთ აღმოსავლეთ ფლანგი და უკრაინას საშუალება მივცეთ ეფექტურად დაიცვას საკუთარი საზღვრები," - განაცხადა ევროპარლამენტარმა ვიტოლდ ვიშნიაკოვსკიმ.
ჟოზეფ ბორელის თქმით, მიმდინარეობს მუშაობა სანქციებზეც, თუმცა მანამდე ევროკავშირს სურვილია, რომ გაგრძელდეს მოლაპარაკება იმისთვის, რომ აცილებული იქნეს ესკალაცია და ევროკავშირის საზღვრებთან სამხედრო კრიზისი:
"სწორედ საბჭოა ის, რომლის პრეროგატივაცააა სანქციების დაწესება, წევრი ქვეყნის ან უმაღლესი წარმომადგენლის შეთავაზების საფუძველზე. შემდეგ კი კომისიასთან ერთად ვმუშაობთ სანქციების იმპლემენტაციაზე. გადაწყვეტილების მიღება და მისი იმპლემენტაციაც ჩემი აზრით ერთდროულად უნდა მოხდეს. სხვა დეტალებზე საუბარი არ შემიძლია, მაგრამ დარწმუნებულები იყავით, რომ ამ საკითხზე მუშაობა მიმდინარეობს, იმ შემთხვევაში, თუ მომდევნო დღეებში გარკვეული შედეგების პირისპირ აღმოვჩნდებით. მაგრამ ამ პროცესამდე ჯერ დიპლომატიური მოლაპარაკებები გრძელდება, რომ მოხდეს რუსეთისთვის წერილობითი პასუხის გაგზავნა. გვსურს გაგრძელდეს მოლაპარაკება იმისთვის, რომ ავიცილოთ თავიდან ესკალაცია და ჩვენს საზღვრებთან სამხედრო კრიზისი,"- განაცხადა ჟოზეფ ბორელმა.