28 ნოემბერი 2024,   01:25
ვრცლად
"ვუთხარით, რომ ყრუ-მუნჯია, გვითხრეს, რომ ჩვენ ავალაპარაკებთო..." - რას ამბობს ნაცემი მოზარდის მეგობარი, რომელმაც ვიდეო გადაიღო

პატრულ-ინსპექტორის მიერ ნაცემი არასრულწლოვანი შშმ პირი ამ წუთებში სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში გამოკითხვაზე იმყოფება. მანამდე მას სამედიცინო ექსპერტიზა სამხარაულის სახელობის ეროვნულ ბიუროში ჩაუტარდა. ნაცემი არასრულწლოვნის ექსპერტიზას მისი ადვოკატი და დედა ესწრებოდა.

დღესვე გამოიკითხა პირი, რომელმაც შემთხვევის ადგილზე ვიდეო გადაიღო. არასრულწლოვანის მეგობარმა შემთხვევის დეტალებზე ისაუბრა.

"ესკალატორზე დაჯდომის გამო შენიშვნა მოგვცეს და მიგვითითეს, რომ უნდა ავსულიყავით, შემდეგ რაც მოხდა, ხომ ნახეთ... ვუთხარით, რომ ყრუ-მუნჯია, ვერ ლაპარაკობდა. გვითხრეს, რომ ჩვენ ავალაპარაკებთ მაგასო. რასაც ცდილობდა, იმას ვერ მიაღწია და ახლა ჩვენ ვეცდებით, რომ ის მიეცეს პასუხისგებაში.

ჩვენ შევეცადეთ, რომ გამოგვეყვანა ჩვენი მეგობარი, გამოვიყვანეთ და სახლში წავიყვანეთ," - განაცხადა არასრულწლოვანის მეგობარმა გიორგი ჯოჯიშვილმა.

გარდა ამისა, ნაცემი მოზარდის დედა ამბობს, რომ შვილს თვალის არეში დაზიანებები აქვს.

"გუშინწინ სცემეს ბავშვი, მე არ ვიცოდი. სამსახურში ვიყავი, იქ დამირეკეს და მითხრეს, რომ 2-მა პოლიციელმა სცემა. მეტი არაფერი არ ვიცი.. ბავშვს თვალი აქვს დაზიანებული," - აღნიშნა არასრულწლოვანის დედამ.

მოზარდის ინტერესებს სახელმწიფოს მიერ დანიშნული ადვოკატი იცავს, ასევე, საქმეში ჩაერთო ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაც. ადვოკატები აცხადებენ, რომ არასრულწლოვანის სურვილია, მის დაზიანებებზე ინფორმაცია არ გავრცელდეს.

შეგახსენებთ, რომ მედიასაშუალებებით გავრცელებულ ვიდეოჩანაწერზე აღბეჭდილი ძალადობის ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტროს ორი თანამშრომელი ნუკრი ბაქრაძე და კახა ბაკაშვილი დააკავეს.

ნუკრი ბაქრაძეს სისხლის სამართლის კოდექსის 1443 მუხლის მეორე ნაწილის ,,ა“, ,,ბ“, და "ზ" ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას ედავებიან, რაც გულისხმობს დამამცირებელ და არაადამიანურ მოპყრობას ჩადენილს მოხელის მიერ, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნისა და სხვაგვარად თავისუფლებაშეზღუდული პირის მიმართ; ხოლო, ფაქტის შემსწრე საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მეორე თანამშრომელს - კახა ბაკაშვილს სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას ედავებიან, რაც  სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას გულისხმობს.

დღის ამბები