28 ნოემბერი 2024,   00:39
ვრცლად
ე.წ. კანონიერი ქურდები პრეზიდენტს უჩივიან - რას ამბობს კახა შუშანაშვილის შვილი "კურიერთან"

ე.წ.კრიმინალური ავტორიტეტი კახა შუშანაშვილი საქართველოს პრეზიდენტს სასამართლოში უჩივის. ამის შესახებ კახა შუშანაშვილის ქალიშვილმა "კურიერთან" დაადასტურა. მიზეზი ქართული პასპორტია. ქართველი ე.წ. კანონიერი ქურდი, რომელსაც საფრანგეთში სამუდამო პატიმრობა აქვს მისჯილი, სალომე ზურაბიშვილისაგან საქართველოს მოქალაქეობის დაბრუნებას ითხოვს.

შუშანაშვილი უკვე 12 წელია მარსელის ციხეშია, ბოლო წლებში კი მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა უკიდურესად დამძიმდა. ის საქართველოში ექსტრადირებას ითხოვს, თუმცა ამისათვის მოქალაქეობა სჭირდება.

ქართულ-სლავური მაფიის ე.წ. გავლენიანი ავტორიტეტის, "კახა რუსთავსკის" - იმავე კახა შუშანაშვილის გარდა საქართველოს პრეზიდენტს სხვა ე.წ. ქურდებიც უჩივიან. ძირითადად. საუბარია ე.წ. შავი სამყაროს იმ წარმომადგენლებზე, რომლებიც 2013-18 წლებში ქართულმა მართლმსაჯულებამ გაამართლა, თუმცა ქვეყნის დატოვება მათ მაინც მოუწიათ.

სასამართლოში საქართველოს პრეზიდენტთან ერთად მოპასუხე მხარედ იუსტიციის სამინისტროს სერვისების განვითარების სააგენტოა წარმოდგენილი. მოქალაქეობის შეწყვეტის შესახებ პრეზიდენტის შესაბამის ბრძანებულებას საფუძვლად სწორედ იუსტიციის სამინისტროს დასკვნა დაედო, რითაც ირკვევა, რომ კახაბერ შუშანაშვილმა ჯერ კიდევ 2015 წელს რუსეთის ფედერაციის მოქალაქეობა მიიღო. შუშანაშვილის ინტერესების დამცველი აცხადებს, რომ წარმოდგენილი დოკუმენტი არაავთენტურია, რადგან ამ პერიოდში ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი კახა შუშანაშვილი უკვე მარსელის ციხეში იხდიდა სასჯელს.

იუსტიციის სამინისტროს სერვისების განვითარების სააგენტოსა და საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში კახა შუშანაშვილის ბრალდებებს არ უპასუხეს, თუმცა "კურიერმა" მოიპოვა სასამართლოში მხარეთა მიერ წარდგენილი ოფიციალური პოზიცია. სალომე ზურაბიშვილი კახა შუშანაშვილისთვის მოქალაქეობის აღდგენის საფუძველს ვერ ხედავს.

დაუბრუნდებათ თუ არა კრიმინალური სამყაროს წარმომადგენლებს საქართველოს მოქალაქეობა ამ საკითხზე საბოლოო გადაწვეტილება სასამართლომ უნდა მიიღოს.

დღის ამბები