28 ნოემბერი 2024,   00:50
ვრცლად
"ევროკავშირს ძლიერი რეაქცია ექნება სანქციების დაწესებაზე" - ბრიუსელში ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა მიმდინარეობს

უკრაინა ომის ზღვარზეა, მხარდაჭერის რა გეგმა აქვს დასავლეთს რუსული საფრთხის ფონზე - უკვე 6 საათია ბრიუსელში ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა მიმდინარეობს. მოლაპარაკებას ონლაინრეჟიმში ესწრება ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი.

მიმდინარე კვირა მნიშვნელოვანი იქნება, რადგან უახლოეს დღეებში გამოიკვეთება, დიალოგი გადაჭრის თუ არა არსებულ პრობლემებს. რუსეთი NATO-სგან საკუთარ მოთხოვნებზე წერილობით პასუხს ელოდება, მანამდე არაერთხელ ითქვა, მათ შორის ალიანსის პირველი პირებისგან, რომ გაფართოების საკითხი ხელშეუხებელია.

დღეს საუბრის ერთ-ერთი თემა იქნება ამერიკისა და ბრიტანეთის გადაწყვეტილებაც, ამ ქვეყნებმა უკრაინიდან საკუთარი მოქალაქეების ევაკუაცია დაიწყეს.

"ვფიქრობ, ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი საზოგადოებისთვის არის ის, რაც ხდება უკრაინის საზღვარზე. ჩვენ ვაგრძელებთ ჩვენი პოზიციის ჩამოყალიბებას რუსეთის მიმართ, რომელიც ცდილობს, შეარყიოს ევროპაში უსაფრთხოების სტრუქტურა და აღადგინოს გავლენის სფეროები, რაც სრულიად მოძველებულია. ჩვენ ვაჩვენებთ უპრეცედენტო ერთიანობას უკრაინაში არსებული სიტუაციის შესახებ, ძლიერი კოორდინაციით აშშ-სთან, არანაირი პრობლემა არც ერთ წევრ სახელმწიფოსთან არ არსებობს. ამ დროისთვის ჩვენ ვაგრძელებთ სანქციების ძლიერი პაკეტის შედგენას, თუმცა დღეს კონკრეტული არაფერი დამტკიცდება, რადგან არის ხანგრძლივი პროცესი, რომელიც მიმდინარეობს და დარწმუნებული იყავით, რომ ყველაფერი მზად იქნება საჭიროების შემთხვევაში," - განაცხადა ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საკითხებისა და უსაფრთხოების პოლიტიკაში ჟოზეფ ბორელმა.

ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები აცხადებენ, რომ რუსეთის მიმართ სანქციების დაწესების პოზიცია ერთიანი, იმ შემთხვევაში თუ კრემლი რაიმე სახის შეტევას გაანხორციელებს უკრაინის მიმართ.

"სანქციებზე ჩვენი პოზიცია ერთიანია. ჩვენ არაერთხელ აღვნიშნეთ რომ თუ რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ განახორციელებს კიბერ ან სამხედრო თავდასხმას, ევროკავშირს პარტნიორებთან ერთად  ძლიერი რეაქცია ექნება სანქციების დაწესებაზე," - განაცხადა შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანა ლინდემ.

"აღმოსავლეთ ევროპაში სერიოზული კრიზისია. იმდენად კრიტიკული სიტუაციაა შექმილი და რომ შედეგების პროგნოზი რთულია,თუმცა მნიშვნელოვანია ახლა ერთიანი ძალისხმევით დიპლომატიისა და დიალოგის გზით შევძლოთ პრობლემის გადაჭრა. გასულ კვირას მე მოსკოვში ვიმყოფებოდი, იმისათვის რომ მათთვის ევროპელების პოზიცია გამეზიარებინა. რუსეთის აზრი კი აქ ჩემი კოლეგებისთვის გადმომეცა. ჩვენ მჭიდრო კომუნიკაცია გვაქვს შეერთებულ შტატებთან და ნატოსთან," - აღნიშნა ხორვატიის საგარეო საქმეთა მინისტრი გორდან გლიკ რადმანმა.

"ჩვენთვის მნიშვნელოვანია კიბერ უსაფრთხოების, დეზინფორმაციასთან ბრძოლისა და თავდაცის საკითხები. თუ სიტუაციის რაიმე სახით კიდევ უფრო გაუარესება მოხდა ჩვენ უნდა შევაჯეროთ ჩვენი პოზიციები სანქციებთან დაკავშირებით. ყველაფერს გავაკეთებთ რუსეთთან დიალოგისთვისა და ვითარების შემდგომი ესკალაციის პრევენციისთვის," - განაცხადა ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ევა მარია ლიმეტსმა.

დღის ამბები