28 ნოემბერი 2024,   01:31
ვრცლად
პრეზიდენტმა პოლიტიკური პარტიებთან კონსულტაციები განაახლა - სალომე ზურაბიშვილი დღეს მხოლოდ ქალ პოლიტიკოსებს ხვდება

პრეზიდენტმა პოლიტიკური პარტიების და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან კონსულტაციები განაახლა. ორბელიანების სასახლეში სალომე ზურაბიშვილი დღეს მხოლოდ ქალ პოლიტიკოსებს ხვდება.

"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" აღმასრულებელი დირექტორის ეკა გიგაურის თქმით, პოლარიზაციის დასასრულებლად მნიშვნელოვანია გადაიდგას ქმედითი ნაბიჯები. 

"ერთის მხრივ გასათვალისწინებელია ის, რომ სწორი მოლოდინები შევუქმნათ საზოგადოებას და მეორე მხრივ, ვიფიქროთ იმაზე, რას გავაკეთებთ იმისთვის, რომ ეს პოლარიზაცია დასრულდეს და კრიზისიდან გამოვიდეთ,"- აცხადებს ეკა გიგაური. 

პარლამენტის ფრაქციის "ლელო - პარტნიორობა საქართველოსთვის" წევრის ანა ნაცვლიშვილის თქმით, უფრო მეტი სიცხადე არის საჭირო ამ ინიციატივის სისრულეში მოყვანისთვის. როგორც ნაცვლიშვილი განმარტავს, მნიშვნელოვანია ინიციატივა კონკრეტულ და დროულ ნაბიჯებზე გადავიდეს, რათა ნდობის რესურსი იქნეს შენარჩუნებული. 

პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ნანა წილოსანი კი მიიჩნევს, რომ რადიკალურ ოპოზიციას არ უნდა ჰქონდეს მცდარი ილუზია ამ ინიციატივის აღსრულების საკითხთან მიმართებაში. მისივე თქმით, პრეზიდენტის ინიციატივა არ უნდა გახდეს არავის დანაშაულზე თვალი დახუჭვის წინაპირობა.

"თუ ჩვენ გვსურს, რომ ეს პროცესი შედეგიანად დავასრულოთ, მნიშვნელოვანია ყველა ამ კომპონენტში მონაწილე მხარემ, განსაკუთრებით რადიკალურმა ოპოზიციურმა ჯუფებმა, მედია საშუალებებმა და ყველა სხვა ამ პროცესში წვლილის შემტანმა მხარემ გაიაზროს და გააცნობიეროს ერთობლივად, დასრულდეს ეს პროცესი. ამავდროულად ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ არ მოხდეს არავის დანაშაულებებზე თვალის დახუჭვა,"- აცხადებს ნანა წილოსანი. 

დღის ამბები