28 ნოემბერი 2024,   01:45
ვრცლად
რუსეთი უკრაინაში იმ სცენარს მიჰყვება, რომელიც მხოლოდ მისთვის არის მისაღები, უკრაინისთვის კი მზადყოფნა ახლა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია

რუსეთი უკრაინაში იმ სცენარს მიჰყვება, რომელიც მხოლოდ მისთვის არის მისაღები და მაშინ, როდესაც დანარჩენი მსოფლიო რუსეთის უკრაინაში შეჭრის პრევენციისთვის გზების მოფიქრებას ცდილობს, საოკუპაციო რეჟიმი საბრძოლო შეტაკებებს ანახლებს.

22 იანვრის ღამეს რუსმა შეიარაღებულებმა, დონეცკის მიდამოებში ნაღმტყორცნების, ტანკსაწინააღმდეგო ყუმბართმტყორცნების და უპილოტო საფრენი აპარატების გამოყენებით ცეცხლი გახსნეს, შედეგად ერთი უკრაინელი მებრძოლი დაიჭრა.

მზადყოფნა რომ ახლა უკრაინისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, ამას ადასტურებს ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება, რომლის მიხედვით ირკვევა, რომ კრემლის გეგმა უკრაინაში პრორუსი ლიდერის დანიშვნაა. ბრიტანელები პოტენციურ კანდიდატს, ყოფილ დეპუტატს - ევგენი მურაევსაც ასახელებენ. ბრიტანეთის საგარეო უწყების ინფორმაციით, რუსეთის სადაზვერვო სამსახური უკრაინელ პოლიტიკოსებთან კავშირებს ინარჩუნებს.

"საფასური რუსეთს ძალიან ძვირი დაუჯდება, რადგან ბრიტანეთის ხელისუფლება მზად არის განახორციელოს სერიოზული ეკონომიკური სანქციები არა მარტო უკრაინაში შეჭრის შემთხვევაში, არამედ მაშინ, თუ რუსეთი კიევში მისთვის სასურველი კანდიდატის მოყვანას შეუწყობს ხელს" - ეს პოზიცია ბრიტანეთის ვიცე-პრემიერმა გაახმოვანა.

კრემლი კი უკან დახევას ჯერჯერობით არ აპირებს. მეტიც, რუსეთი NATO-ს წევრ ქვეყნებს უკრაინის ირგვლივ დაძაბულობის შექმნაში ადანაშაულებს და ბრიტანეთს პროვოკაციული განცხადებების გავრცელებისგან თავის შეკავებას ურჩევს. 

შექმნილი ვითარების მიუხედავად, უკრაინაში სჯერათ, რომ რუსეთის აგრესიის შეჩერება ჯერ კიდევ შესაძლებელია იმ შემთხვევაში თუ მოსკოვი დასავლეთისგან მკაფიო პასუხს მიიღებს. უკრაინაში ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო დახმარების პირველი ნაწილიც უკვე ჩავიდა. მისი საერთო წონა 90 ტონაა. დახმარება მიიღო უკრაინამ ჩეხეთისგან და პოლონონეთისგანაც. ანტისარაკეტო იარაღი ოფიციალურ კიევს ბრიტანეთმა გაუგზავნა. ამ ვითარების ფონზე, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი მოსახლეობას სიმშვიდისკენ მოუწოდებს.

დღის ამბები