3 წლიანი პაუზის შემდეგ ოსკარის დაჯილდოების ცერემონიას წამყვანი ეყოლება, თუმცა ჯერჯერობით უცნობია, ვის ერგება ეს პატივი. ამ კითხვით სოციალურ ქსელში ფანებს კინოაკადემიამაც მიმართა. ტომ ჰოლანდი, ზენდაია, რიკი ჯერვაისი, ჯიმი კიმელი, დუეინ ჯონსონი, თინა ფეი, ემი ფოლერი - ეს იმ პირთა მცირე ჩამონათვალია, რომლებიც წამყვანის პოზიციაზე ხშირად განიხილებიან, ყველაზე სასურველებს შორის კი ფანებმა სტივ მარტინი და სელენა გომესი დასახელეს.
სამაგიეროდ ცნობილია, რომ ღონისძიება 27 მარტს გაიმართება; მანამდე კი, 8 თებერვალს, კინოაკადემია ნომინაციებს გამოავლენს.
კონკურსში 276 ფილმი მონაწილეობს. კრიტიკოსები პროგნოზებს უკვე გამოთქვამენ - ყველაზე დიდ ფსონებს "ბელფასტსა" და ოქროს გლობუსის გამარჯვებულ "ძაღლის ძალაუფლებაზე" დებენ.
კინომოყვარულების დიდ მოწონებას იმსახურებენ ასევე სტივენ სპილბერგის "ვესტსაიდური ამბავი", დენის ვილნევის "დიუნი" და ადამ მაკის ფილმი "არ აიხედო".
გამოცემა "ვერაიეთის" თუ დავუჯერებთ, საუკეთესო მსახიობი ქალის ნომინაციაში ნიკოლ კიდმანს, ოლივია ქოულმანს, ჯესიკა ჩესტეინს, პენელოპე კრუზსა და ლედი გაგასაც ვიხილავთ.
საუკეთესო მსახობი მამაკაცის როლის შესრულებისთვის კი ნომინაციას უილ სმიტს უწინასწარმეტყველებენ, რომელიც "მეფე რიჩარდში" შესრულებული როლისთვის ოქროს გლობუსის გამარჯვებული გახდა.
გამოცემები ასევე ვარაუდობენ, რომ კინოაკადემია არც ბენედიქტ ქამბერბეჩს, დენზელ ვაშინგტონსა და ლეონარდო დიკაპრიოს დატოვებს ნომინაციებს მიღმა.
ოსკარების 94-ე ცერემონიის პირდაპირ ტრანსლაციას მაყურებელს ეი-ბი-სი შესთავაზებს.
ავტორი: თიკო ცერცვაძე