28 ნოემბერი 2024,   01:30
ვრცლად
გაყინული ტბები და ახალი საფრთხე - მოქალაქეები ლისისა და კუს ტბების ზედაპირზე სრიალებენ, რაც საფრთხის შემცველია

ბოლო რამდენიმე დღეა, დაბალი ტემპერატურის გამო მოყინული ტბები ლისისა და კუს ტბაზე ხალხმრავლობის მიზეზი გახდა. მოქალაქეები ბავშვებთან ერთად ტბას სტუმრობენ და ყინულის ზედაპირზე სრიალებენ. მოსახლეობის ნაწილი სრიალში საფრთხეს ვერ ხედავს.

მოსახლეობისგან განსხვავებით, მოყინულ ტბებზე გადაადგილებაში პრობლემას ხედავს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური, უსაფრთხოების მიზნით კი, ლისისა და კუს ტბის ტერიტორიაზე რამდენიმე სამაშველო ჯგუფია მობილიზებული. უწყება მოსახლეობას მაქსიმალური სიფრთხილისკენ მოუწოდებს.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის წარმომადგენლების ლისის ტბაზე გამოჩენით მოქალაქეები კმაყოფილები არიან. მოსახლების ნაწილი მოყინულ ტბაზე გადაადგილებას უსაფრთხოდ არ მიიჩნევს. ისინი ამბობენ, რომ აუცილებელია ადგილზე ვითარება შესაბამისმა უწყებამ აკონტროლოს.

დაბალი ტემპერატურის გამო, კიდევ რამდენ ხანს იქნება მოყინული ტბები, უცნობია. მანამდე კი აუცილებელია, თავად მოქალაქეები არ გადაადგილდნენ ყინულის ფენაზე, რათა თავიდან აიცილონ უბედური შემთხვევები.

ამავე თემაზე
დღის ამბები