28 ნოემბერი 2024,   00:39
ვრცლად
რატომ დატოვა გახარიას პარტია 14-მა წევრმა - გუნდიდან წასულები აჭარის ორგანიზაციის თავმჯდომარეს ენმ-სთან ალიანსში ადანაშაულებენ

რატომ დატოვა გახარიას პარტია 14-მა დამფუძნებელმა - ყოფილი პრემიერის გუნდიდან წასულები, პარტიის აჭარის ორგანიზაციის თავმჯდომარეს, "ნაცმოძრაობასთან" ალიანსის მცდელობაში დღეს კიდევ ერთხელ ადანაშაულებენ. "საქართველოსთვის" რეგიონული წარმომადგენლობის დამფუძნებლები, რომლებმაც პარტია ორი დღის წინ დატოვეს - ამბობენ, რომ ცენტრალური და ადგილობრივი ლიდერების ქმედება, თავდაპირველად გაცხადებულ პოლიტიკურ ვექტორთან წინააღმდეგობაში მოდის.

ყოფილი თანგუნდელების კრიტიკას, დღეს არაერთგვაროვანი გამოხმაურება მოჰყვა პარტია "საქართველოსთვის" ბათუმისა და თბილისის ოფისებში. აჭარის ორგანიზაციის ლიდერი, მის წინააღმდეგ წამოყენებულ პრეტენზიებს "ნაციონალური მოძრაობის" მიერ ინსპირირებულს უწოდებს. თბილისში კი ამბობენ, რომ პარტიის რიგებიდან წასულებმა სახელისუფლებო ზეწოლას ვერ გაუძლეს.

ექსპრემიერის თანაგუნდელების გადაწყვეტილება არ უკვირთ მმართველ გუნდში. "ქართულ ოცნებაში" ამბობენ, რომ გახარიას პოლიტიკური მიზანი, თანხვედრაში მხოლოდ "ნაცმოძრაობასთან" მოდის, რაც ბათუმთან ერთად, წალენჯიხაშიც ოფიციალურად დადასტურდა.

წალენჯიხაში, სადაც "ნაციონალური მოძრაობის" მხარდაჭერით, საკრებულოს თავმჯდომარის თანამდებობას გახარიას პარტიის წევრი იკავებს - ამტკიცებენ, რომ ენმ-სთან თანამშრომლობა ადგილობრივების სურვილის შესაბამისად გადაწყვიტეს. რაც მათი თქმით, ქალაქს პოლიტიკური ბალანსის შენარჩუნებაში დაეხმარება.

ის, რაც გახარიას პარტიისთვის ამომრჩევლის ნების გათვალისწინებაა, პოლიტიკურ ლუსტრაციად აღიქმება "ქართულ ოცნებაში". საპარლამენტო უმრავლესობაში ფიქრობენ, რომ გახარია-"ნაციონალების" კონსოლიდირებული ქმედებები, რეგიონებში მმართველი გუნდის მიერ თვეების წინ გამოთქმული ყველა ვარაუდის ფაქტობრივი მტკიცებულებაა. მმართველ გუნდის შეფასებით, ყოფილი პრემიერი წაგებისთვის განწირული სვლებით თამაშობს.

გიორგი გახარიას პარტია, გუშინ ბათუმში 14 წევრმა დატოვა. რას შეცვლის, წასვლის ტენდენციები, ექსპრემიერის ახლადშექმნილ პოლიტიკურ გაერთიანებაში, ჯერჯერობით უცნობია.

დღის ამბები