28 ნოემბერი 2024,   00:49
ვრცლად
შეწყდება თუ არა სოცმუშაკების პროტესტი - რა გადაწყვეტილებას მიიღებენ გაფიცულები ჯანდაცვის უწყებაში გამართული შეხვედრის შემდეგ, ჯერჯერობით უცნობია

შეწყდება თუ არა სოციალური მომსახურების სააგენტოს თანამშრომლების პროტესტი - რა გადაწყვეტილებას მიიღებენ გაფიცულები ჯანდაცვის უწყებაში მინისტრის მოადგილესთან 3 საათიანი შეხვედრის შემდეგ, ჯერჯერობით უცნობია.

ხელფასის 100 პროცენტიანი ზრდა და სატრანსპორტო ხარჯების ანაზღაურება გაფიცულების მთავარი მოთხოვნებია. მხარეებმა მოთხოვნებთან ერთად ის კონკრეტული ნაბიჯებიც განიხილეს, რომელიც სააგენტომ შრომის პირობების გაუმჯობესებისთვის გადადგა.

რაც ამ დრომდე ცნობილი იყო, სოციალური აგენტის ფიქსირებული ანაზღაურება 60%-მდე გაიზარდა და 250 ლარის ნაცვლად 400 ლარი გახდა, უფროსი სოციალური აგენტის ხელფასი კი  - 700 ლარამდე გაიზარდა.

მხარეები შეთანხმდნენ, რომ გეგმებზე მუშაობა მოლაპარაკების რეჟიმში გაგრძელდება. რა გადაწყვეტილებას მიიღებენ სოციალური სააგენტოს გაფიცული თანამშრომლები, მას შემდეგ გახდება ცნობილი, რაც 10 წევრიანი საინიციატივო ჯგუფი შეხვედრის შინაარსს 400-მდე გაფიცულს გააცნობს.

რას სთავაზობს ჯანდაცვის უწყება სოცაგენტებს და სამსახურის თანამშრომლებს, ღიად არც დამოუკიდებელი პროფკავშირები საუბრობენ. სოლიდარობის ქსელის თავმჯდომარე აცხადებს, რომ საბოლოო შეთანხმება უახლოეს ორ დღეში უნდა შედგეს.

სოციალური სააგენტოს თანამშრომლები და სოციალური აგენტები უკვე მე-5 დღეა გაფიცულები არიან. ჯანდაცვის უწყება კი საკუთარ შეთავაზებებზე პასუხს ელის.

დღის ამბები