28 ნოემბერი 2024,   00:39
ვრცლად
საოკუპაციო რეჟიმი ადამიანის ფუნდამენტურ უფლებას ისევ უხეშად არღვევს - რატომ გართულდა ვითარება ოკუპირებულ ახალგორში

გადაადგილების თავისუფლება - ევროპული კონვენციით გარანტირებული უფლება, რომელსაც საოკუპაციო რეჟიმი კვლავაც უხეშად არღვევს. ამ უფლების დარღვევას უკვე მოჰყვა მძიმე შედეგი. ოკუპირებულ ახალგორში დაიღუპა 2 ადამიანი. მათი გადარჩენა თბილისში შესაძლებელი იქნებოდა, რომ არა საოკუპაციო რეჟიმის უკანონო გადაწყვეტილება.

ვითარება მას შემდეგ დამძიმდა, რაც კორუფციაში ბრალდებული ახალგორის რაიონული საავადმყოფოს მთავარი ექიმი ჯემალ ბედოევი მონიკა ჯიოევამ ჩაანაცვლა. ჯიოევას დანიშვნის შემდეგ, პაციენტების თბილისის კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოყვანა უფრო გართულდა. ფონს ოკუპირებულ ტერიტორიაზე მძიმე სოციალური მდგომარეობა ართულებს.

ე.წ. საზღვრის ჩაკეტვის შედეგები დღეს "კურიერთან" ახალგორის გამგებელმა, ნუგზარ თინიკაშვილმა შეაჯამა.

ოკუპირებულ ტერიტორიაზე ადამიანის უფლებების დარღვევის უხეშ ფაქტებზე საუბრობენ სახალხო დამცველის აპარატშიც. ომბუდსმენის ოფისში ამბობენ, რომ წლიდან წლამდე მდგომარეობა უარესდება. განსაკუთრებით, ახალგორის რაიონში, რომელიც ძირითადად ეთნიკური ქართველებით არის დასახლებული.

პრობლემა ოკუპირებული ახალგორის მოსახლეობამ ჯერ კიდევ გასულ წელს, დე ფაქტო მმართველთან შეხვედრის დროს დააყენა.

ბიბილოვის დაპირება დაპირებად დარჩა. ე.წ. საზღვარი უკვე თითქმის 2 წელი და 6 თვეა ჩაკეტილია. ის რამდენჯერმე გაიხსნა პენსიონერებისთვის. მას შემდეგ არარსებული საზღვრის კვეთა მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში ხდება. ამ შემთხვევებსაც საოკუპაციო რეჟიმი სურვილისამებრ განსაზღვრავს.

დღის ამბები