28 ნოემბერი 2024,   00:46
ვრცლად
ხმაური იყო ოზურგეთის საკრებულოს სხდომაზე - დაპირისპირება საკრებულოს წევრებისა და აპარატის თანამშრომლებისთვის ხელფასების ზრდას მოჰყვა

ოზურგეთის საკრებულოს სხდომა ხმაურით დაიწყო - დაპირისპირება ინიცირებულ საკითხს მოჰყვა, რომლის მიხედვითაც, საკრებულოს წევრებისა და აპარატის თანამშრომლების ხელფასები იზრდება.

"ქართული ოცნების" და "ნაციონალური მოძრაობის" წევრები ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ. საბოლოოდ უმრავლესობამ პროექტი დაამტკიცა, ოპოზიციამ კი მას მხარი არ დაუჭირა. "ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ" პროტესტის ნიშნად სხდომა დატოვა.

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე დავით მჟავანაძე აცხადებს, რომ უხერხულია, როდესაც საკრებულოს თავმჯდომარის ხელფასი 4 500 ლარს შეადგენს, ხოლო ბაღის თანამშრომლები 150-200 ლარზე მუშაობენ.

"წინასაარჩევნოდ "ქართულმა ოცნებამ" დაპირდა, რომ ახალი წლიდან ბაღების თანამშრომლებს მოუმატებდა ხელფასს და ხელფასი არის 150-200, ამ თანხაზე მუშაობენ თვიდან თვემდე, შეუძლებელია ოჯახის და თავის გამოკვება, მედიკამენტების შეძენა. ჩვენი პოზიცია არის ასეთი: უარი ვთქვათ ჩვენს ხელფასებზე, გავუზარდოთ ხელფასები ბაღის თანამშრომლებს და მეეზოვეებს. 4 500 ლარი ჰქონდეს ხელფასი საკრებულოს თავმჯდომარეს ცოტა უხერხულია," - აცხადებს დავით მჟავანაძე.

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია "ოზურგეთი საქართველოსთვის" თავმჯდომარე კი მიიჩნევს, რომ ფრაქცია არ არის ხელფასების ზრდის წინააღმდეგი, თუმცა აღნიშნული პროცესი დაბალანსებულად უნდა მიმდინარეობდეს.

"ხელფასების ზრდის წინააღმდეგი არ არის არავინ. აღნიშნული სიტუაციიდან გამომდინარე ყველაფრის დაბალანსება იქნებოდა მისაღები. ბაღების თანამშრომლები იქნება თუ რომელიმე სხვა სახელმწიფო მოხელე, მნიშვნელობა არა აქვს, დაბალანსებულად უნდა ხდებოდეს აღნიშნული," – აცხადებს ალეკო ბურჭულაძე.

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" წევრი ქეთევან ხომერიკი კი აცხადებს, რომ ოპოზიცია მიზანმიმართულად ცდილობს საკრებულოს ხდომაზე ხმაური გამოიწვიოს.

ხოლო რაც შეეხება საბავშვო ბაღების პედაგოგების ხელფასების მატებას, უმრავლესობაში ამბობენ, რომ ხელფასები ეტაპობრივად გაიზრდება.

"ცდილობენ ქვეყანაში იყოს დესტაბილიზაცია, ყოველ საკრებულოს სხდომაზე ცდილობენ იყოს არეულობა. წინა ბიუჯეტთან დაკავშირებით, როდესაც ჩვენ განვიხილავდით ბიუჯეტის თემას, მათ ზუსტად ბაღების პედაგოგების ხელფასის მატებასთან დაკავშირებით საკითხს მხარი არ დაუჭირეს. ჩვენ ყველანაირად ვცდილობთ, რომ ჩვენს პედაგოგებს ჰქონდეთ ღირსეული პირობები და ბაღების ხელფასებსაც გავზრდით ეტაპობრივად," - განაცხადა ქეთევან ხომერიკმა.

დღის ამბები