28 ნოემბერი 2024,   00:52
ვრცლად
მსოფლიო "ომიკრონის" შედეგად რეკორდულად გაზრდილ მაჩვენებლებთან გამკლავებას ცდილობს - რომელ ქვეყანაში გამკაცრდა შეზღუდვები

ამერიკის შეერთებულ შტატებში ინფექციის შემთხვევების ზრდის დინამიკა, პანდემიის დაწყებიდან დღემდე რეკორდულია.

კოვიდის წითელი ზონა მისურის შტატია, სადაც ქვეყნის მასშტაბით ვაქცინაციის მაჩვენებელი ყველაზე დაბალია. პრეზიდენტი ბაიდენი მოსახლოებას კვლავ ბუსტერ დოზით აცრისკენ მოუწოდებს. ქვეყნის მთავარი ინფექციონისტი ენტონი ფაუჩი კი, არსებული ვითარების გათვალისწინებით, პანდემიის დასრულებას სკეპტიკურად უყურებს.

ევროპის ქვეყნებს შორის ვაქცინაციის ერთ-ერთი ყველაზე დაბალი მაჩვენებელი კვლავ ავსტრიას აქვს, სადაც პარლამენტი აპირებს სავალდებულო აცრას მხარი დაუჭიროს. მანამდე კი, სანამ გადაწყვეტილება ძალაში შევა, ხელისუფლება ვაქცინაციის წახალისების მიზნით, ეროვნული ლატარიის კამპანიის დაწყებას აპირებს. აცრის მსურველი 500 ევროს მიიღებს. ამ დრომდე ავსტრიის მოსახლეობის მხოლოდ 72%-ია აცრილი.

ინფექციის რეკორდული მონაცემები გამოვლინდა გერმანიასა და საფრანგეთშიც. მხოლოდ ბოლო 24 საათში, გერმანიაში ვირუსი 133 000-მეტ ადამიანს დაუდასტურდა. ბრიტანეთის პრემიერმა ჯონსონმა კი, "ომიკრონის" გავრცელების მიუხედავად და იმ ფონზე, როდესაც ინფიცირებული მედპერსონალის რიცხვი გაორმაგებულია, ქვეყანაში კოვიდპასპორტები, დისტანციურად მუშაობა და საზოგადოებრივ ადგილებში ნიღბების ტარების მოთხოვნა გააუქმა.

ზედიზედ მესამე დღეა რუმინეთში ვირუსი 20 ათასამდე ადამიანს უდასტურდება, რაც ქვეყნისთვის რეკორდულია. გაზრდილ მაჩვენებლებს დაბალი ვაქცინაციის სტატისტიკას უკავშირებენ. რთული ვითარებაა ჩეხეთშიც, სადაც 57 წლის ჩეხი მომღერალი ბუნებრივი იმუნიტეტის შეძენისთვის განგებ დაინფიცირდა, თუმცა გარდაიცვალა.

"ომიკრონის" სწრაფად გავრცელების გამო, ავსტრალიამ COVID-19-ის სამკურნალო აბების გამოყენება დაუშვა. ახალი ზელანდია კი, ინფექციის შემთხვევების კიდევ უფრო ზრდის შემთხვევაში, მკაცრი რეგულაციების დაწესებას გეგმავს.

მზარდია სტატისტიკა იაპონიასა და ჩინეთში. პეკინში შეკრებებზე აკრძალვები დაწესდა. ოსაკაში კი საგანგებო რეჟიმის ამოქმედებისთვის ემზადებიან.

დღის ამბები