28 ნოემბერი 2024,   00:51
ვრცლად
უკანონო ტყვეების გათავისუფლება, ე.წ. ბორდერიზაცია - ერგნეთში მოლაპარაკებები უშედეგოდ დასრულდა

ერგნეთში მოლაპარაკებები უშედეგოდ დასრულდა. ინცინდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების ფარგლებში მიმდინარე შეხვედრა 6 საათის განმავლობაში გრძელდებოდა. ქართული მხარე უკანონო ტყვეების გათავისუფლებას ითხოვდა, ასევე დაისვა საკითხი ყველა იმ უკანონობაზე, რომელსაც რუსი სამხედროები საოკუპაციო ზოლთან ახორციელებენ.

როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე აცხადებს, საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებს არ დაუკონკრეტებიათ, როდის მოხდება უკანონოდ დაკავებულების გათავისუფლება.

გარდა ამისა, ირაკლი ანთაძე აცხადებს, რომ საოკუპაციო ძალის წარმომადგენლებს არ დაუკონკრეტებიათ, რა იგეგმება სოფელ კირბალის მიმდებარე ტერიტორიაზე.

"მთავარ განსახილველ საკითხს წარმოადგენდა ოკუპირებულ ცხინვალში უკანონო პატიმრობაში მყოფი ჩვენი თანამოქალაქეების ბედი. შედგა ძალიან ვრცელი დისკუსია, რაიმე კონკრეტული პასუხი მათთან დაკავშირებით ვერ წარმოგვიდგინეს. ბრძოლა გაგრძელდება მანამდე, სანამ თითოეული მათგანი არ დაუბრუნდება საკუთარ ოჯახებს.

რაც შეეხება ე.წ. ბორდერიზაციას, ეს გახლდათ საკითხი, რაზეც ასევე გაკეთდა მთავარი აქცენტი. სამწუხაროდ, ჩვენ კონკრეტული პასუხი ამაზე ვერ მივიღეთ, რაც შესაძლოა მიუთითებდეს იმაზე, რომ საოკუპაციო ხაზის ამ სეგმენტზე შესაძლოა, ამის მტკიცებას ვერ მოვყვებით, მაგრამ არსებობს თეორიულად ამის ალბათობა, რომ შესაძლოა ადგილი ჰქონდეს ამგვარ პროცესებს,“ - აცხადებს ირაკლი ანთაძე.

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის წარმომადგენელი ზვიად ზვიადაძე ამბობს, რომ შეხვედრაზე განხილვის ერთ-ერთი მთავარი თემა ოკუპირებულ ტერიტორიაზე შექმნილი ჰუმანიტარული კრიზისი იყო. 

"ჩვენი დაკავებული მოქალაქეების შემდეგ, ერთ-ერთი უმთავრესი თემა ის ჰუმანიტარული კრიზისია, რომელიც შექმნილია ახლა ოკუპირებულ ტერიტორიაზე და განსაკუთრებით ახალგორის რაიონში, სადაც მოსახლეობა განიცდის უკიდურეს სოციალურ სიდუხჭირეს და ასევე მათ წვდომა არ აქვთ ელემენტარულად ხარისხიან სამედიცინო სერვისებზე. ამასთან დაკავშირებით, ასევე განხილულ იქნა მდგომარეობა კოვიდ პანდემიასთან დაკავშირებით. ჩვენგან კიდევ ერთხელ იქნა შეთავაზება გაკეთებული, რომელიც ბოლო ორი წელია ყველა შეხვედრაზე და ცხელი ხაზის საშუალებით კეთდება. თუმცა, ამჯერადაც, კონკრეტულ დახმარებაზე უარი იქნა მიღებული. რა თქმა უნდა, დაყენებული იყო საკითხი იმ ადამიანების შესახებ, ვინც ვერ ახერხებს კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლას,“ - ამბობს ზვიად ზვიადაძე.

ერგნეთში მომდევნო შეხვედრა ერგნეთში 4 მარტს შედგება. 

დღის ამბები