28 ნოემბერი 2024,   00:47
ვრცლად
ომიკრონის ვარიანტი, რომ ის მსუბუქი დაავადებაა, მცდარია  - ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დირექტორი

მსოფლიოს ქვეყნებში ყოველდღიურად დადასტურებული შემთხვევების რიცხვი იზრდება.

კორონავირუსით ინფიცირების თითქმის ნახევარი მილიონი შემთხვევა გამოვლინდა საფრანგეთში. ეს ბოლო 24 საათში დადასტურებული რეკორდული მაჩვენებელია.

მონაცემები ყოველდღიურად მაღალ ნიშნულს აღწევს გერმანიასა და იტალიაშიც.

საფრანგეთში ახალი შემთხვევების რაოდენობა ნახევარ მილიონს აღწევს, გერმანიაში კი 100 ათასს, რაც წინა დღის მონაცემებთან შედარებით, გერმანიაში 40 ათასამდე ინფიცირებულით მეტია.

ჯანდაცვის ექსპერტები ვარაუდობენ, რომ ქვეყანაში ომიკრონის ტალღა პიკს რამდენიმე კვირაში მიაღწევს.

გარდაცვალების რეკორდულად მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა ავსტრალიაში. ინფიცირების მზარდი მაჩვენებლის ფონზე, ჰოსპიტალიზაციის რაოდენობაც იზრდება, რის გამოც საავადმყოფოები გადატვირთულია.

ომიკრონის შტამის შემთხვევები დაფიქსირდა ვიეტნამშიც.

შეერთებული შტატების დაავადებათა კონტროლის ცენტრი კი ამერიკის მოქალაქეებს 22 ქვეყანაში მოგზაურობისგან თავშეკავებას ურჩევს.

მსოფლიოში, გასული კვირის განმავლობაში, კორონავირუსით ინფიცირების 18 მილიონი ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია კი საზოგადოებას აფრთხილებს, რომ ომიკრონი ჰოსპიტალიზაციას და გარდაცვალებას იწვევს, შესაბამისად, მოსაზრებას რომ ის მსუბუქი ვარიანტია არასწორად აფასებს. ტედროს ადჰანომ გებრეისუსი აცრის მნიშვნელობაზეც ამახვილებს ყურადღებას და ამბობს რომ ვაქცინები გვიცავს.
 
"ნარატივი, რომ ის მსუბუქი დაავადებაა, შეცდომაში შემყვანია. ნუ დაუშვებთ შეცდომას, ომიკრონი იწვევს ჰოსპიტალიზაციისა და გარდაცვალების შემთხვევებს, სამედიცინო დაწესებულებები კი ნაკლებად მძიმე შემთხვევითაც იტვირთება.

ვაქცინები, შესაძლოა, ნაკლებად ეფექტური იყოს ომიკრონით დაინფიცირების და გადაცემის პრევენციაში, წინა ვარიანტთან შედარებით, მაგრამ მაინც გამორჩეულად კარგია მძიმე დაავადებისა და გარდაცვალების პრევენციის კუთხით,"- ამბობს ტედროს ადჰანომ გებრეისუსი.

ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით მცირეწლოვნების აცრა დაიწყეს ბრაზილიაში. 5-დან 11 წლამდე მოზარდებს "ფაიზერის" ვაქცინით ცრიან. ჯანდაცვის ექსპერტებს მოლოდინი აქვთ, რომ თებერვლამდე ნახევარ მილიონზე მეტი ბავშვი აიცრება.
 
"ჩვენ ველით, რომ ბევრი ბავშვი მოვა ასაცრელად. მშობლები დიდი ხნის განმავლობაში გვეკითხებოდნენ, თუ როდის დაიწყებოდა იმუნიზაციის პროცესი მცირეწლოვანებისთვის. ვაქცინაციას ბევრი ოჯახი ელოდა,"- ამბობს რიო-დე-ჟანეიროს ჯანდაცვის მინისტრი, დანიელ სორანცი.
 
კომპანია "მოდერნა" ახალი ბუსტერ ვაქცინის შექმნაზე მუშაობს, რომელიც როგორც კორონავირუსის, ასევე სეზონური გრიპის აცრებს გააერთიანებს.

ამ დროისთვის ვაქცინის კლინიკური კვლევა მიმდინარეობს, მისი გამოყენება, სავარაუდოდ, მომავალი წლის შემოდგომიდან დაიწყება. კომბინირებული დამცავი ვაქცინის გამოყენება, სავარაუდოდ, წელიწადში ერთხელ იქნება საჭირო.

დღის ამბები