28 ნოემბერი 2024,   00:38
ვრცლად
ინფიცირების მაჩვენებელი საქართველოში რეკორდულია - მერამდენე დღეს აჩვენებს ომიკრონს PCR ტესტი

"ომიკრონმა" დღეს დადასტურებული შემთხვევების ყველა რეკორდი მოხსნა. 7 521 - ერთ დღეში ასეთი რაოდენობის ინფიცირების შემთხვევა ორ წლიანი პანდემიის განმავლობაში საქართველოში არ ყოფილა. მე-6 ტალღის პიკში ქვეყანას დღეში ათეულობით ათასი ინფიცირებულის მოლოდინი აქვს.

"ომიკრონის" არსებული შემთხვევებიდან თითქმის 20% რეინფიცირებულია. ის ძირითადად ერჩის ახალგაზრდებს, თუმცა ინფიცირდება ყველა, მათ შორის ორჯერ აცრილებიც. ერთადერთი კარგი რაც ახალ შტამს ახასიათებს - "ომიკრონით" ინფიცირებულების დიდ ნაწილს ჰოსპიტალიზაცია არ სჭირდება. ვაქცინა იცავს - ინფექციონისტების მთავრი სათქმელი დღეს მასობრივი ბუსტერიზაციაა. "ომიკრონისგან" დაცვის ყველაზე მაღალი შანსი აქვს ბუსტერ დოზით ვაქცინირებულს. 3-ჯერ ვაქცინირებული მძიმე გართულებებისგან 80% -ით დაცულია. 

ახალი შტამი უკვე მოედო მთელ ქვეყანას, თუმცა ყველაზე დიდი წითელი ზონებია დიდი ქალაქები: თბილისი, ბათუმი და ქუთაისი.

ჰოსპიტლების ჯერ მხოლოდ 50%-ია დატვირთული, ზეწოლა გაზრდილია ამბულატორიული მიმართულებით. ჯანდაცვის სამინისტროში ამბობენ, რომ სისტემა მობილიზაციის განსაკუთრებულ რეჟიმზეა გადასული.

ვაქცინაციასთან ერთად დღეს ყველას პასუხიმგებლობა პირბადის ტარებაა - ეს ექიმების მთავარი სათქმელია. ასევე, რეკომენდაციაა სიმპტომების დაწყებიდან 4-5 დღეში მოხდეს PCR კვლევების ჩატარება. "ომიკრონი" მარტივად არ ვლინდება და ადრე მიღებულმა უარყოფითმა პასუხმა, შესაძლოა, ვირუსის გავრცელებას ხელი კიდევ უფრო შეუწყოს.

დღის ამბები