საქალაქო სასამართლო ნიკა კვარაცხელიას მკვლელობაში ბრალდებულთა საქმის არსებით განხილვას 28 იანვარს გააგრძელებს. დღევანდელ პროცესზე კი დაცვისა და ბრალდების მხარემ სასამართლოს შესავალი სიტყვებით მიმართეს. მოსამართლეს საკუთარი სათქმელი გიორგი კავილაძემაც უთხრა, აკო ჭელიძე კი, რომელსაც ნიკა კვარაცხელიას სასიკვდილოდ დაჭრა ბრალდება ცისევ დუმს.
"სასტიკი მკვლელობა ჰოლივუდური ფილმის სცენარით" - ეს სიტყვები ეკუთვნის საქმის პროკურორს, რომელმაც ნიკო კვარაცხელიას საქმეზე დღეს შესავალი სიტყვა თქვა და დეტალურად გაიხსენა - თუ რა მოხდა გასული წლის სექტემბერში ანჯაფარიძის ქუჩაზე, სადაც 21 წლის ნიკო კვარაცხელია მოკლეს.
პროკურორი ცდილობდა მოსამართლის დარწმუნებას, რომ თავადაც ეს განცდა გაუჩნდება, როდესაც საქმის მთავარ მტკიცებულებას, ქუჩის სათვალთვალო კამერების ჩანაწერებს ნახავს. მისივე შეფასებით, მომხდარი ჯგუფურად ჩადენილი სასტიკი დანაშაულია.
"ეს ყველაფერი კამერებმა გადაიღო, ჰოლივუდური ფილმის სცენარია ეს ყველაფერი, მსგავსი არ მინახავს," - ამბობს საქმის პროკურორი გიორგი შაიშმელაშვილი.
ერთ-ერთი ბრალდებულის, გიორგი კავილაძის ადვოკატი ამბობს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფის მიმართ წარდგენილი ბრალი მას არ ეკუთვნის, თუმცა აღნიშნავს, რომ გიორგი კავილაძე სხვა დანაშაულთან დაკავშირებით პასუხისმგებლობას არ გაურბის.
"ეს ბრალი მას არ ეკუთვნის, თუმცა ის არ გაურბის სხვა დანაშაულთან დაკავშირებით პასუხისმგებლობას. მოსამართლეს შევახსენეთ ინდივიდუალური მიდგომა ბრალთან დაკავშირებით, შეფასდეს ის, რაც სასამართლოში გამოიკვლევა. ჯგუფურად ბრალდებას არ ეთანხმება, რომ ჩემ დასაცავ პირმა განზრახვის თაობაზე ადამიანის მოკვდინების არ იცოდა, ასევე ცეცხლსასროლ იარაღთან დაკავშირებით. სულ ორი ბრალდება არის წარდგენილი," - აცხადებს გიორგი კავილაძის ადვოკატი გიორგი ტურაზაშვილი.
ნიკო კვარაცხელიას ოჯახის ადვოკატი პაატა მეხრიშვილი იმედოვნებს, რომ სასამართლოს მიერ არსებითი განხილვის მიღმა დადგინდება იმ პირთა ვინაობა, რომლებმაც ნიკო კვარაცხელიას მოკვლის ბრძანება გასცეს.
"მათ მოკლეს არა უბრალოდ ადამიანი, მოკლეს ნიჭი და გონება, რომელიც იყო ჩვენი სამშობლოს მომავალი. ამ ორი გარეწრის თავში ეს უბრალოდ ვერ მოიხარშებოდა და ჩვენთვის ყველაზე მთავარია, რომ დადგინდეს უშუალოდ ვინ წააქეზა და დაუკვეთა ეს უმძიმესი დანაშაული ამ ორ ადამიანს. ჩვენ დიდი იმედი გვაქვს, რომ ამ არსებითი განხილვის სასამართლოს მიღმა გამოძიების ფარგლებში დადგინდება ის ადამიანები, რომლებმაც ეს უმძიმესი დანაშაული დაუკვეთეს ამ 2 ადამიანს. არსებობს გარკვეული ვერსიები შურისძიების დაკვეთის, თუმცა ამ ეტაპზე რაიმე კონკრეტულის თქმა ძალიან გამიჭირდება," - აცხადებს ადვოკატი პაატა მეხრიშილი.
28 იანვრიდან საქმეზე მტკიცებულებების განხილვა დაიწყება.