28 ნოემბერი 2024,   00:52
ვრცლად
რა კავშირშია სააკაშვილის "შავი სია" და ბოლო დროს მოსამართლეთა ერთი ნაწილის გააქტიურება - რა ეჭვები აქვთ მმართველ გუნდში

მმართველი გუნდი სასამართლო სისტემაში ყოფილი პრეზიდენტისა და მისი გუნდის პოლიტიკური ინტერესების გაძლიერების მცდელობაზე საუბრობს. ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ამბობს, რომ მართლმსაჯულების სფეროს პოლიტიზირებით, ოპოზიცია სისტემის დისკრედიტირებას ახდენს.

მოსმართლეთა ე.წ. შავის სიის შექმნის იდეა ყოფილ პრეზიდენტს ეკუთვნის. მიხეილ სააკაშვილის გეგმით, კორუფციაში ჩართული და ადამიანის უფლებათა დამრღვევი პირების სია საჯარო უნდა გახდეს. ფეისბუქ გვერდზე გამოქვეყნებულ მსჯავრდებულ სააკაშვილის განცხადებაში წერია, რომ "ამ ხალხს: მოსამართლეებს, პროკურორებს, თანამდებობის პირებს, ვინც გაძარცვა საქართველო და ვინც ამდენ უსამართლობას ჩადის, მოქალაქეები ქუჩაში უნდა სცნობდნენ და შესაბამისი რეაგირება ჰქონდეთ". დღეს "ნაციონალურ მოძრაობაში" კიდევ ერთხელ განმარტეს, რა მიზანი აქვს შავი სიის შედგენას.

სასამართლო სისტემის რეფორმირების პროცესის პარალელურად, მოსამართლეთა შავი სიის შექმნის იდეას აკრიტიკებენ საპარლამენტო ოპოზიციის ნაწილში. ოპოზიციონერი პოლიტიკოსების შეფასებით, სააკაშვილის მხრიდან ამ ინიციატივაზე საუბარი მაშინ, როდესაც მოსამართლეთა ძირითადი კოლეგია სწორედ "ნაციონალური მოძრაობის" დროს დაინიშნა, არარელევანტურია.

"ქართულ ოცნებაში" სასამართლოს პოლიტიკურ მიზნებისთვის გამოყენებასა და სისტემის შიგნით ამბოხის მომზადების მცდელობაზე საუბრობენ. ამ გეგმის ნაწილი კი, მმართველი გუნდის აზრით, შესაძლოა ის 14 მოსამართლეც გახდეს, რომლებიც ახალ დისციპლინარული სახდელების შემოღებას ეწინააღმდეგებიან და კანონის მიღების დროს ვრცელი კრიტიკული წერილიც გაავრცელეს. მათ ამ პროცესის პარალერად არაფერი უთქვამთ არც იმ კოლეგების დასაცავად, რომლებიც მიხელ სააკაშვილის ინიციატივით შავ სიაში უნდა მოხვდნენ.

სასამართლო სისტემაში ბოლო ცვლილებები, პარლამენტმა 30 დეკემბერს დაამტკიცა. ცვლილებების მიხედვით, მოსამართლის მიმართ დისციპლინარულ საკითხებზე გადაწყვეტილების მიღების ქვორუმი შემცირდა და ახლებურად განისაზღვრა დისციპლინური სახდელები. ოპოზიციის მოლოდინის მიუხედავად, კანონს პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა ხელი მოაწერა და თქვა, რომ არსებული შენიშვნები ვეტოს გამოყენებისთვის არასაკმარისია.

დღის ამბები