28 ნოემბერი 2024,   00:38
ვრცლად
სასწავლო პროცესის განახლება და ვაქცინაცია აუცილებელია, ეს არის ერთი ჯაჭვის ორი რგოლი, რომელიც განაპირობებს სწავლის განახლებას - ივანე ჩხაიძე

"ომიკრონის" გავრცელების გამო ყოველდღიური მაჩვენებელი ახლო მომავალში რეკორდულად გაიზრდება და შესაძლოა რამდენიმე ათეულ ათასს გაუტოლდეს - ამის შესახებ სპეციალისტები საუბრობენ და არსებულ ეპიდვითარებას აფასებენ.

ჯანდაცვის სისტემა კორონავირუსის ყველაზე მძიმე, მე-6 ტალღისთვის ემზადება. სასწავლო პროცესის დაწყებას არსებულ ეპიდვითარებაში დამატებით გამოწვევად მიიჩნევენ
ეპიდემიოლოგები.

მედიკოსები მოუწოდებენ მშობლებს, სიმპტომების არსებობის შემთხვევაში შვილები სკოლაში არ გაუშვან და სწრაფ ტესტთან ერთად, ვირუსის გამოსავლენად PCR ტესტი გამოიყენონ. 

როგორც მ. იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი ივანე ჩხაიძე განმარტავს, აუცილებელია სასწავლო პროცესის რეგულაციების დაცვით განახლება. 

"აუცილებლად მიგვაჩნია, რომ სასწავლო პროცესი განახლდეს და მიგვაჩნია, რომ სკოლაც მზად უნდა დახვდეს ბავშვებს. მზაობაში ჩვენ ვგულისხმობთ: პედაგოგების, სასწავლო პერსონალის, ადმინისტრაციული პერსონალის, ტექნიკური პერსონალის ვაქცინაციას. როდესაც ვსაუბრობთ სკოლის მხარეზე, მეორე მხარეც უნდა გავითვალისწინოთ, არის თუ არა ოჯახი მზად იმისათვის, რომ სახლში შექმნას უსაფრთხო გარემო. ჩვენ ვგულისხმობთ ოჯახის წევრების ვაქცინაციას, ვინაიდან ინფიცირების მეორე წყარო, ეს არის საყოფაცხოვრებო კონტაქტი. ეს არის ერთი ჯაჭვის ორი რგოლი, რომელიც განაპირობებს სწავლის განახლებას მინიმალური რისკების ქვეშ," - აცხადებს ივანე ჩხაიძე.

აქვე შეგახსენებთ, რომ დღეს ქვეყანაში კოვიდით ინფიცირების 3 656 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, 32 ადამიანი კი გარდაიცვალა.

ასევე დღეიდან ძალაში შედის თვითიზოლაციისა და კარანტინის ახალი ვადები. უსიმპტომო და მსუბუქი შემთხვევებისთვის იზოლაცია მხოლოდ 8 დღეს ითვალისწინებს. ვადები იცვლება კოვიდ-ინფიცირებულებთან კონტაქტში მყოფი პირებისთვისაც.

დღის ამბები