ტექნიკურ უნივერსიტეტს 100 წელი შეუსრულდა. სტუდენტებს და აკადემიურ პერსონალს საიუბილეო თარიღი მთავრობის ხელმძღვანელმა და განათლების მინისტრმა მიულოცეს. საგამოფენო სივრცისა და ბიბლიოთეკის დათვალიერების შემდეგ ხელი იმ სამომავლო გზავნილსაც მოეწერა, რომელიც სკვერში კაფსულის სახით შეინახება და უნივერსიტეტის 150 წლის იუბილეზე გაიხსნება.
საიუბილეო ღონისძიებაზე, ტექნიკური უნივერსიტეტისთვის ახალ და ისტორიულ პერსპექტივაზე - ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციების ჩარჩო პროგრამის "ჰორიზონტი ევროპას" შესახებაც ისაუბრეს. პროგრამა უნივერსიტეტის აკადემიურ პერსონალს 95 მილიარდი ევროს ღირებულების პროექტში მონაწილეობის საშუალებას მისცემს. დღეს, უნივერსიტეტის ბაზაზე "ჰორიზონტი ევროპის" ოფისიც დაფუძნდა.
უნივერსიტეტის 100 წლისადმი დღეს გამართული აქტივობა არ არის ერთადერთი, რომელიც ამ საიუბილეო თარიღს მიეძღვნება. მთელი წლის განმავლობაში იუბილესთან დაკავშირებით კიდევ არაერთი ღონისძიების გამართვაა დაგეგმილი.
საიუბილეო ღონისძიების ფარგლებში, კათალიკოს-პატრიარქის ბრძანებით, განათლებისა და მეცნიერების განვითარებისა და ქვეყნის აღორძინებაში შეტანილი გამორჩეული წვლილისათვის, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს მართლმადიდებელი ეკლესიის უმაღლესი ჯილდო - წმინდა გიორგის ოქროს ორდენი მიენიჭა.