28 ნოემბერი 2024,   00:51
ვრცლად
რთული ამინდის, შტორმისა და დიდთოვლობის გათვალისწინებით აჭარაში საგანგებო შტაბი ამუშავდა

რთული ამინდის, შტორმისა და დიდთოვლობის გათვალისწინებით აჭარაში საგანგებო შტაბი ამუშავდა. საგანგებო და მუნიციპალური სამსახურების ჩართულობით შტაბის წევრებმა უკვე გამართეს პირველი შეხვედრა აჭარის მთავრობის თავმჯდომარის თორნიკე რიჟვაძის მონაწილეობით. სანაპირო ზოლზე შტორმია, მაღალმთიან აჭარაში კი უწყვეტად თოვს და თოვლის საფარი უკვე 1 მეტრს აღემატება.

ვითარება მაღალმთიან აჭარაში უცვლელია. ქედაში, შუახევსა და ხულოში ამ წუთებშიც ინტენსიურად თოვს. ასევე მიმდინარეობს შიდა სასოფლო გზებზე გაწმენდითი სამუშაოები. ცოტა ხნის წინ აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ბათუმში საგანგებო შტაბის სხდომა ჩაატარა. სხდომას აჭარის საგზაო დეპარტამენტისა და მუნიციპალური სერვისების ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ. გაწმენდითი სამუშაოები გარდა მაღალმთიანი სოფლებისა, ხელვაჩაურისა და ქობულეთის რამდენიმე სოფელში მიმდინარეობს.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის თორნიკე რიჟვაძის თქმით, არც ერთ მოქალაქეს არ შეექმნება გადაადგილებაზე პრობლემა. 

"ყველა ადმინისტრაციულ ერთეულამდე მისასვლელი გზა უკვე გაწმენდილია. თუმცა, როგორც ცნობილია დღის განმავლობაში გაგრძელდება თოვა, თუმცა ყველა სამსახური, მათ შორის საგანგებო შტაბი, რომელიც ფუნქციონირებს ყველა მუნიციპალიტეტში გააგრძელებს მუშაობას, რომ არცერთ მოქალაქეს არ ჰქონდეს შეფერხება გადაადგილებისას," - აცხადებს თორნიკე რიჟვაძე.

 

დღის ამბები