28 ნოემბერი 2024,   01:43
ვრცლად
ჯარისკაცების მიმართ არაადამიანური მოპყრობის საქმე - ვინ და როგორ აიძულებდა სამხედროებს კბილის ჯაგრისით ყაზარმის საპირფარეშო და დერეფნები ეხეხათ

გოგიტა ბიჩელაშვილი, იაღლუჯის საწვრთნელ ბაზაზე ჯარისკაცების არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის საქმეზე დამნაშავედ სცნეს. შსს-ს ობიექტების დაცვის წარმომადგენელს, 6 წლით პატიმრობა შეეფარდა. მას 4 სამხედროს მიმართ, დამამცირებელი მოპყრობის საქმის სამ სხვადასხვა ეპიზოდში ედავებიან.

დაზარალებული სამხედროების ჩვენებებით, ბიჩელაშვილი და სხვა პირები, მათ აიძულებდნენ, ჩაეცვათ მძიმე ჯავშანჟილეტები, კბილის ჯაგრისით ეხეხათ ყაზარმის საპირფარეშო და დერეფნები.

"გოგიტა ბიჩელაშვილმა ერთ-ერთ ჯარისკაცს, თუ სწორად მახსოვს ღამბარაშვილს დაავალა, რომ ჩვენთვის მოეცა სარეცხის საპონი და ჯაგრისი, რის შემდეგაც მე მიბრძანა მომეხეხა ყაზარმა, ხოლო სეხნიაშვილს საპირფარეშო, კერძოდ პირსაბანის შიდა პერიმეტრი,"- ეს ნიკოლოზ სულხანიშვილის ჩვენებაა.

ბრალდების მიხედვით, იაღლუჯის საწვრთნელ ბაზაზე სამხედროების მიმართ არაადამიანური მოპყრობის ფაქტები 2020 წლის განმავლობაში ხდებოდა. გასული წლის აპრილში კი, ბრალდებულის სახით 2 პირი დააკავეს, მათ შორის ბიჩელაშვილი, რომელსაც არც გამოძიების და არც სასამართლო განხილვების დროს ბრალი არ უღიარებია. მსჯავრდებულის ადვოკატი გამამტყუნებელი განაჩენის სააპელაციო წესით გაასაჩივრებას გეგმავს.

საპირისპირო პოზიცია აქვს ბრალდების მხარეს, რომელიც დარწმუნებულია, რომ გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად პროკურატურის მყარი მტკიცებულებები დაედო.

ჯარისკაცების საქმის ფარგლებში, გოგიტა ბიჩელაშვილის გარდა, დიმიტრი დევდარიანიც მსჯავრდებულია. მას ნაფიცმა მსაჯულებმა ერთი თვის წინ, გამამტყუნებელი ვერდიქტი გამოუტანეს, სასჯელად კი 5 წლიანი პატიმრობა განესაზღვრა. სამხედროების არაადამიანური მოპყრობის ფაქტზე, ძიება გრძელდება და არ არის გამორიცხული ბრალი სხვა პირებსაც წარუდგინონ.

დღის ამბები