28 ნოემბერი 2024,   01:50
ვრცლად
ვინ გახდება ცესკოს ახალი თავმჯდომარე - კომისიამ გადაწყვეტილება პრეზიდენტს შესარჩევად გადაუგზავნა

პრეზიდენტის მიერ შექმნილმა კომისიამ გადაწყვეტილება მიიღო და ცესკოს თავმჯდომარის პოსტზე წარდგენილი 4 კანდიდატიდან 3 შეირჩა. კომისიის გადაწყვეტილება პრეზიდენტს უკვე გადაეგზავნა. 7 დღის დღის ვადაში, სალომე ზურაბიშვილი უკვე საკუთარ გადაწყვეტილებას კანონმდებლებს გადაუგზავნის.

გადაწყვეტილების ოქმი პრეზიდენტის ადმინისტრაციამ უკვე გაასაჯაროვა. სხდომის დასრულების შემდეგ, შესარჩევი კომისიის მდივანმა იმ კრიტერიუმებზე ისაუბრა, რის მიხედვითაც გასაუბრების შემდეგ, ფარული კენჭისყრით ცესკოს თავმჯდომარეობის კანდიდატები შეარჩიეს. შერჩეულია ცესკოს წევრობის 4 კანდიდატიც.

3 კანდიდატიდან, ერთ-ერთი ცესკოს მოქმედი თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილია. ის ამბობს, რომ დღეს არ არსებობს კითხვის ნიშნები საარჩევნო კომისიის საქმიანობასთან დაკავშირებით. მთავარ მიღწევად მოქმედი თავმჯდომარე ასახელებს პანდემიის დროს, ადმინისტრაციის მიერ ჩატარებულ უსაფრთხო და გამჭირვალე არჩევნებს. აქვს მოლოდინი, რომ მის კანდიდატურას კიდევ ერთხელ ექნება მხარდაჭერა.

პროცესებს აკრიტიკებს ოპოზიცია. ხელისუფლების ოპონენტები ამბობენ, რომ რა გადაწყვეტილებაც არ უნდა იყოს მიღებული, ცესკო განვითარების ახალ ეტაპზე ვერ გადავა. ოპოზიციის ნაწილი არ აპირებს პროცესებში ჩაერთოს, რადგან მათივე განმარტებით, ნდობა ამ პროცესის მიმართ არ არსებობს.

განსხვავებული პოზიცია აქვთ მმართველი გუნდის წევრებს. "ქართულ ოცნებაში" პროცესის მიმართ ნდობა დიდი აქვთ და იხსენებენ, რომ 2021 წელს არჩევნები ცესკოს მიერ მაღალ დონეზე იყო ორგანიზებული.

რა ვადით აირჩევს პარლამენტი "ცესკოს" ახალ თავმჯდომარეს იმაზეა დამოკიდებული, რამდენი მხარდამჭერის მობილიზება მოხდება სასესიო დარბაზში კენჭისყრის დღეს. თუ კანდიდატი პირველ ჯერზე 100 ხმას მიიღებს, ის თანამდებობაზე სრული ვადით, 5 წლით დაინიშნება. იმ შემთხვევაში კი თუ 100-ზე ნაკლები დეპუტატის ხმა დაფიქსირდება, განმეორებით კენჭისყრაზეც, აგვისტოს მოვლენების მსგავსად კანონმდებლები ცესკოს თავმჯდომარეს ისევ 6 თვის ვადით აირჩევენ.

დღის ამბები