28 ნოემბერი 2024,   01:42
ვრცლად
რუსეთის ამ ნაბიჯმა, შესაძლებელია, დააჩქაროს კიდეც მოვლენები უკეთესობისკენ - ვიქტორ დოლიძის შეფასებით, კრემლის ულტიმატუმი კონტრპროდუქტიული აღმოჩნდა

როგორ აისახება მსოფლიოში მიმდინარე მოვლენები საქართველოზე და როგორი იქნება ერთიანი ევროატლანტიკური პასუხი რუსეთის მუქარაზე? საქართველო კონსულტაციებში ერთვება, შეერთებულ შტატებთან კომუნიკაციის შემდეგ, ჯერი ბელგიაზეა. საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელის ვიზიტი ორშაბათს დაიწყება, შეხვედრაა ჩანიშნული იენს სტოლტენბერგთან და ნატოს წევრი სახელმწიფოების ელჩებთან. ამ თემებთან დაკავშირებით, "კურიერი"NATO-ში საქართველოს ელჩს ესაუბრა. როგორც ვიქტორ დოლიძე აცხადებს, შეხვედრებზე განიხილება როგორც NATO-რუსეთის შეხვედრების დეტალები, ასევე, ის ნაბიჯები, რომლის გადადგმაც საქართველოს ალიანსის მომავალ სამიტამდე მოუწევს, რომელიც მადრიდშია დაგეგმილი:

"გარკვეულ დეტალებს ვფლობთ უკვე, თუმცა, როგორც წესი, უფრო მეტი კონკრეტიკა კულისებს მიღმა ჟღერდება ხოლმე. აქედან გამომდინარე, გადაწყდა, რომ ეს შეხვედრა შემდგარიყო და განგვეხილა, კონკრეტულად, როგორც NATO-რუსეთის კომისიის სხდომის დეტალები, ასევე, ჩვენ მიერ, მომავალ 6 თვეში, მადრიდის მომავალ სამიტამდე, რა ნაბიჯები შეიძლება გადაიდგას," - აცხადებს ვიქტორ დოლიძე.

რა განწყობებია ალიანსში,  რა შთაბეჭდილებები დარჩათ NATO-ში რუსეთთან გამართული შეხვედრების შემდეგ და ხომ არ არის საფრთხე იმისა, რომ სკეპტიკოსმა სახელმწიფოებმა განსხვავებული მოსაზრებები გამოთქვან. ვიქტორ დოლიძის თქმით, ალიანსის პრინციპებთან მიმართებაში ერთიანობა არის ცალსახა, რადგან ყველა იაზრებს, რომ რუსეთის პრეტენზიები და რიტორიკა საფრთხეს არა მხოლოდ უკრაინასა და საქართველოსთვის, არამედ მთლიანად ევროპისთვის წარმოადგენს. სწორედ ამიტომ ვიქტორ დოლიძის შეფასებით, რუსეთის ულტიმატუმი, რომ საქართველო და უკრაინა არასოდეს არ უნდა გახდნენ ალიანსის წევრები, კონტრპროდუქტიული აღმოჩნდა და შესაძლებელია დააჩქაროს კიდეც მოვლენები უკეთესობისკენ:

"მე ხანდახან მრჩება შთაბეჭდილება და ჩემს ნატოელ კოლეგებსაც, რომ რუსეთი ამას არ ელოდა, ასე პირდაპირ თქმას და ყველა გზის მოჭრას, მათ პირდაპირ ეთქვათ, რომ ამ თემებზე არ ვლაპარაკობთ და ჩვენ ამ დოკუმენტს საერთოდ არ ვიხილავთ, იმიტომ რომ აქ განსახილველი არაფერი არ არის. რადგან საერთაშორისო სამართლებრივი პარადიგმის შეცვლა და ახალ მსოფლიო მოწყობაზე ფიქრი ვიღაცის ილუზიის ნაყოფია მხოლოდ და არავითარ შემთხვევაში არ მოხდება. არავის, არცერთ დელეგაციას არ დაუყენებია ეჭვქვეშ, მათ შორის, კულისებს მიღმაც ეს საკითხი და არავინ ამის განხილვას არ აპირებს. მე მქონდა საუბარი ე.წ სკეპტიკოს ქვეყნებთან და მინდა გითხრათ, რომ რუსეთის ამ ნაბიჯმა შესაძლებელია დააჩქაროს კიდეც მოვლენები უკეთესობისკენ,"- განაცხადა ვიქტორ დოლიძემ.

დღის ამბები