28 ნოემბერი 2024,   00:38
ვრცლად
ცვლილებები პროტოკოლსა და იზოლაციის წესებში - რა ზომებზე გადადის ქვეყანა "ომიკრონის" ტალღის შესაჩერებლად  

ახალი შტამის მომატებული სტატისტიკა და რეინფიცირების გაზრდილი მაჩვენებლები - რთული ვითარების გამო, კვირის ბოლოს ეპიდემიოლოგები და ინფექციონისტები ჯანდაცვის მინისტრთან შეიკრიბნენ.

ორშაბათიდან ვაქცინირებული პირებისთვის იზოლაციის და კარანტინის დღეები მცირდება და ინფიცირების სირთულიდან გამომდინარე, 10 დღეზე მეტი არ იქნება. მცირდება კონტაქტების საკარანტინო ვადებიც.

კიდევ ერთი სიახლე კოვიდპაციენტების მკურნალობის პროტოკოლს უკავშირდება - თენგიზ ცერცვაძის ინფორმაციით, უახლოეს პერიოდში ყველა კოვიდკლინიკაში პაციენტებს რემდესივირით უმკურნალებენ, რაც სიკვდილიანობის მაჩვენებელს მკვეთრად შეამცირებს.

საქართველოში ლაბორატორიულად დადასტურებულია "ომიკრონით" ინფიცირების 1000-ზე მეტი შემთხვევა. თუმცა სპეციალისტები ფიქრობენ, რომ რეალურად ინფიცირების 60% უკვე ახალ შტამს უკავშირდება. გაზრდილია რეინფიცირების შემთხვევებიც. ადამიანები, რომლებმაც ვირუსი ერთხელ უკვე დაამარცხეს, ხელახალი ინფიცირებისგან დაცულები არ არიან.

შემთხვევების რაოდენობის ზრდა უკვე პედიატრიულ განყოფილებებზეც აისახა. ციციშვილის ბავშვთა კლინიკაში, ბოლო 24 საათში 30 მცირეწლოვანი მოათავსეს.

ინფიცირებულთა მაჩვენებლის რეკორდულ ზრდას სპეციალისტები უახლოეს დღეებში უფრო ელოდებიან. სხვა ქვეყნების მაგალითზე დაკვირვებით, არ გამორიცხავენ, რომ მომდევნო კვირიდან დღიურად დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 10 ათასს გასცდეს.

დღის ამბები