28 ნოემბერი 2024,   00:46
ვრცლად
გამოწვევების მიუხედავად, საქართველომ შთამბეჭდავი რეფორმები გაატარა - NATO-ს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარე

უსაფრთხოების კუთხით არსებული გამოწვევების მიუხედავად, საქართველომ შთამბეჭდავი რეფორმები გაატარა - ასეთია NATO-ს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარის შეფასება ორ დღიანი შეხვედრების შემდეგ.

ადმირალმა რობ ბაუერმა საქართველოს შესახებ ბრიუსელში, ალიანსის თავდაცვის ძალების მეთაურების შეხვედრის დასრულების შემდეგ ისაუბრა. NATO-ს წარმომადგენელი აცხადებს, რომ კომიტეტის შეხვედრებზე ალიანსმა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ ურყევი მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაადასტურა.

"უსაფრთხოების გამოწვევების მიუხედავად, საქართველომ შთამბეჭდავი რეფორმები გაატარა და NATO-საქართველოს არსებითი პაკეტის მეშვეობით თავდაცვისუნარიანობა გააუმჯობესა. ეს პაკეტი გაიზარდა იმისთვის, რათა გაუმჯობესებულიყო კავშირი საქართველოსა და მისი სამეთაურო სტრუქტურის სხვადასხვა ნაწილებს შორის, გაძლიერებულიყო საქართველოს საზღვაო კომპონენტი და უფრო მეტი ყურადღება გამახვილებულიყო მედეგობაზე.

ალიანსის ორივე პარტნიორი - უკრაინა და საქართველო NATO-ს უპრეცენდენტო მხარდაჭერითა და დახმარებით სარგებლობენ. ჩვენ გვსურს უზრუნველვყოთ, რომ მათ ყველა საჭირო ინსტრუმენტი ჰქონდეთ არა მხოლოდ საკუთარი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, არამედ ევროპის უსაფრთხოებაში წვლილის შესატანადაც. სესიებზე ჩვენ დავადასტურეთ NATO-ს ურყევი მხარდაჭერა უკრაინისა და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ," - განაცხადა რობ ბაუერმა.

დღის ამბები