უკრაინაში სისხლიან ანგარიშსწორებას კიდევ ერთი კრიმინალური ავტორიტეტი შეეწირა. ნაზირ ალიევი მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ყიზილაჯლოდანაა და ბოლო წლებში აქტიურად იყო ჩართული ქურდულ სამყაროში მიმდინარე მწვავე დაპირისპირებებში. 65 წლის ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტი ოდესაში, ბილიარდის "ვი-აი-პი" კლუბში ჩაცხრილეს. უკრაინულ მედიაში დანაშაულის დეტალები და შემთხვევის ადგილის ამსახველი ფოტო მასალაც გავრცელდა.
კრიმინალური "ავტორიტეტის" მკვლელი უკრაინელმა სამართალდამცველებმა დანაშაულის ადგილზევე დააკავეს. ის აზერბაიჯანის მოქალაქე, 45 წლის შაჰრიდინ გულიევია. ექსპერტიზის თანახმად, მან ნაზირ ალიევს ცეცხლსასროლი იარაღიდან 8 ტყვია ესროლა.
"კურიერი" დღეს მარნეულში ნაზირ ალიევის ოჯახის საცხოვრებელ მისამართზე იმყოფებოდა. ადგილობრივები ამბობენ, რომ ალიევი წლებია მარნეულში აღარ ცხოვრობდა. ახლობლები არ უარყოფენ გარდაცვლილის კავშირს კრიმინალურ სამყაროსთან.
სოფელ ყიზილაჯლოში კრიმინალური ავტორიტეტის მკვლელობის მოტივზე ღიად არ საუბრობენ, თუმცა პირად საუბრებში ადასტურებენ, რომ მომხდარი შესაძლოა 2020 წელს ანტალიაში გავლენიანი "კანონიერი ქურდის," ნადირ სალიფოვის, იგივე ლოტი გულის მკვლელობას უკავშირდება.
კრიმინალური სამყაროს აზერბაიჯანული კლანის ლიდერი ნადირ სალიფოვი, 2020 წლის აგვისტოში ანტალიის ერთ-ერთ სასტუმროში მოკლეს. გავრცელებული ინფორმაციით, დაგეგმილი მკვლელობის შესახებ წინასწარ ინფორმირებული იყო ნაზირ ალიევი, რის გამოც მას სალიფოვის გარემოცვა შურისძიებით ემუქრებოდა. ნაზირ ალიევის მსგავსად სალიფოვიც წარმოშობით მარნეულელიდან იყო და მისი სახელი ბიზნესმენებისგან ფულის გამოძალვის არაერთ საქმეში ფიგურირებს.