ლონდონის ცენტრში, BBC-ის სათაო ოფისის შენობასთან განთავსებულ სკულპტურას ჩაქუჩით შეიარაღებული აქტივისტი დაესხა თავს. მამაკაცი შენობაზე ავიდა და 4 საათის განმავლობაში ცდილობდა ჩაქუჩით "პროსპეროსა და არიელის" სკულპტურის დამტვრევას და BBC-ის თანამშრომლებს ესმოდათ ყვირილიც "პედოფილო".
შემთხვევა გუშინ მოხდა. პოლიციამ ტერიტორია შემოსაზღვრა, ლონდონის სახანძრო სამსახურის წარმომადგენლები კი მამაკაცს შენობიდან ჩამოსვლაში დაეხმარნენ, რის შემდეგაც ის ზარალის მიყენების ბრალდებით დააკავეს.
შექსპირის "ქარიშხლის" არიელის და პროსპეროს სკულპტურა 1930-იან წლებში დამონტაჟდა. იგი შეიქმნაცნობილი ბრიტანელი მხატვრის, ერიკ გილის მიერ, რომელიც 1940 წელს გარდაიცვალა.
მოქანდაკემ სკანდალური პოპულარობა მას შემდეგ მოიპოვა, რაც ათწლეულების შემდეგ მისი დღიურები გამოქვეყნდა. ჩანაწერების მიხედვით, გილი საკუთარ ქალიშვილებსა და დაზე სექსუალურად ძალადობდა.
აქტივისტთა ჯგუფებმა მოქანდაკის ბიოგრაფიის გამო სკულპტურის აღება მოითხოვეს. ამავე დროს, BBC-ში აცხადებენ, რომ თავდასხმის შემდეგ არ აპირებენ ხელოვნების საკამათო ნიმუშის დემონტაჟს.
მომხდარ ფაქტს გამოეხმაურა BBC-ის კულტურის რედაქტორი ქეით რაზალი:
"ერიკ გილი იყო მონსტრი, გარყვნილი პედოფილი, რომელიც ძალადობდა თავის ქალიშვილებზე და სხვებზე. მაგრამ, როგორც მოქანდაკემ, მან შექმნა საოცარი ქმნილებები.
იმ დროს, როდესაც მთელი ქვეყნის მასშტაბით ხდება ქანდაკებების ხელახალი გადაფასება. იქნებიან ისეთებიც, ვინც თვლის, რომ თუ ლეგალურია ცნობილი მონათმფლობლის ძეგლის დანგრევა, როგორც ეს ბრისტოლში მოხდა, ასევე დროა იგივე გაკეთდეს იმ ადამიანის ნამუშევრის მიმართ, რომელმაც საშინელი სექსუალური დანაშაულები ჩაიდინა. თუ ეს ასეა, სად იქნება ამის დასასრული?"- სვამს კითხვას ქეით რაზალი.