იმის გამო, რომ ქალაქში ლოკდაუნი მოულოდნელად გამოცხადდა, ბრმა პაემანზე წასული ქალი იძულებული გახდა, კაცთან სახლში რამდენიმე დღის განმავლობაში დარჩენილიყო, ინფორმაციას CNN ავრცელებს.
30 წლის ქალი, რომელიც სოციალურ ქსელებში გვარით - ვენგით არის დარეგიტრირებული, მშობლიურ ქალაქში, ჯონგჯოუში ბრმა პაემანზე, პირველ შეხვედრაზე კაცს სახლში ესტუმრა, რათა მისი გაკეთებული კერძები დაეგემოვნებინა.
"ასაკი მემატება, მშობლებმა 10 მამაკაცი გამაცეს, მეხუთემ მთხოვა, მასთან სახლში მივსულიყავი, რომ ჩემთვის კერძები მოემზადებინა," - ამბობს ვენგი ვიდეოში, რომელიც სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა.
ვახშმის დასრულების შემდეგ, როდესაც ვენგი სახლში წასვლას აპირებდა, აღმოაჩინა, რომ იმ უბანში მოულოდნელად მკაცრი ლოკდაუნი გამოაცხადეს. ქალმა გარეთ გასვლა ვერ შეძლო და იძულებული გახდა, რამდენიმე დღე თითქმის უცხო მამაკაცის სახლში გაეტარებინა. სოციალურ ქსელში აქვეყნებდა პოსტებსა და ვიდეოებს, სადაც ჩანდა, როგორ უმზადებდა მასპინძელი კერძებს, წმენდდა იატაკს, მუშაობდა სახლიდან... ვიდეოები ვირუსულად გავრცელდა და ჩინეთის ყველაზე პოპულარულ სოციალურ ქსელ "ვეიბოზე" ვენგის პროფილს ყოველდღიურად მილიონობით ნახვა აქვს.
ორშაბათს მან დაწერა, რომ ჯერ კიდევ მამაკაცის სახლში იმყოფებოდა.
ჯონგჯოუში, რომელიც ჰენანის პროვინციის დედაქალაქია, კოვიდის 100-ზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა. ხელისუფლებამ სამშაბათს განაცხადა, რომ დაიხურება ყველა მეორეხარისხოვანი ბიზნესობიექტი, როგორიცაა სილამაზის სალონები, რესტორნების შიდა სივრცეები. მაღალი რისკის ტერიტორიაზე არ იმოძრავებს ტაქსები და ავტობუსები.