28 ნოემბერი 2024,   01:50
ვრცლად
რეგიონებში ოპოზიციის მუნიციპალური შეთანხმება გრძელდება - თავმჯდომარის არჩევის შემდეგ, ჩხოროწყუს მუნიციპალურ ორგანოს ოპოზიციონერი მოადგილეები ჰყავს  

ჩხოროწყუს საკრებულოს თავმჯდომარის შემდეგ მისი მოადგილე გახარიას პარტიის, ”ნაციონალური მოძრაობისა” და ”ლელოს” წევრმა ერთხმად აირჩიეს. პოსტი ექსპრემიერის პარტიიდან დავით შენგელიამ დაიკავა. დღევანდელი გადაწყვეტილებით მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობით ორგანოში მაღალი თანამდებობები, საერთო შეთანხმებით ოპოზიციურმა პარტიებმა გადაინაწილეს. თვითმმართველ ორგანოში თავმჯდომარისა და მოადგილის პოზიციას გახარია ”საქართველოს”, ხოლო მეორე მოადგილის პოსტს ”ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატები იკავებენ.

თავმჯდომარის მსგავსად ”ქართული ოცნების” წევრებმა არც მოადგილეების არჩევის პროცესში მიიღეს მონაწილეობა. მმართველი გუნდის დეპუტატები ამჯერად თვითმმართველი ორგანოს სხდომაზე არ მივიდნენ და ოპოზიციური პარტიების პოლიტიკურ ალიანსზე პარტიის ოფისიდან ისაუბრეს.

ჩხოროწყუსგან განსხვავებით პრობლემურია სიტუაცია ზუგდიდში. გასული ოთხი სხდომის მსგავსად დღევანდელი შეკრებაც უშედეგო აღმოჩნდა. სხდომა ამჯერად ქვორუმის არ არსებობის გამო ჩაიშალა. დეპუტატებმა  საკრებულოს თავმჯდომარის, მისი მოადგილეებისა და კომისიის ხელმძღვანელების არჩევა ვერ შეძლეს.

თვითმმართველ ორგანოებში ოპოზიციურ შეთანხმებას და თანამდებობების გადანაწილებას შეფასებები ცენტრალური ხელისუფლების მხრიდანაც მოჰყვა. ”ქართულ ოცნებაში” მიიჩნევენ, რომ ოპოზიციური პოლიტიკური ძალები რეგიონებისთვის პრობლემების შექმნის მიზნით ერთიანდებიან.

მუნიციპალიტეტების წარმომადგენლობით ორგანოებს თავმჯდომარეები რამდენიმე ქალაქში არ ჰყავს. აქ ჯერ პროცედურული თემები, მათ შორის თანამდებობების გადანაწილების საკითხია გადასაჭრელი.

დღის ამბები