28 ნოემბერი 2024,   01:51
ვრცლად
ბოიკოტში მყოფი პოლიტიკოსები საკანონმდებლო ორგანოში დაბრუნების გზებს ეძებენ - მმართველი გუნდისთვის კი ოპოზიციის მიზნები უპერსპექტივოა​

ბოიკოტში მყოფი პოლიტიკოსები საკანონმდებლო ორგანოში დაბრუნების გზებს ეძებენ. საპარლამენტო საქმიანობაში ჩართვის პარალელურად კი დღის წესრიგში კვლავ ვადამდელი არჩევნების დანიშვნის საკითხს აყენებენ. პარლამენტში ყოფნის ფონზე ახალი არჩევნების დანიშვნის მოთხოვნაშიც წინააღმდეგობრივს ვერაფერს ხედავენ და ამბობენ, რომ ამ მიზნის მისაღწევად ყველა შესაძლო ბერკეტს გამოიყენებენ.

მიზნის მიღწევის გაჭიანურებაში ოპოზიციის ნაწილი პრობლემას კოლეგა პოლიტიკური ძალების გადაწყვეტილებებშიც ხედავს. ”ლეიბორისტულ პარტიაში” მიაჩნიათ, რომ ოპოზიციის უმრავლესობა შეთანხმების ერთგული რომ დარჩენილიყო და პარლამენტში შესვლაზე უარი ეთქვა, ვადამდელი არჩევნების მოთხოვნა, შესაძლოა დაკმაყოფილებულიყო.

ოპოზიციის მოთხოვნები და სტრატეგია მმართველი პარტიისთვის არათანმიმდევრულია. ”ქართულ ოცნებაში” ამბობენ, რომ პოლიტიკური გადაწყვეტილებების და მოქმედების ერთადერთი ადგილი საკანონმდებლო ორგანოა, სხვა ხერხი და გზა კი, უშედეგო იქნება.

ოპოზიციური პარტიების ნაწილის პოლიტიკურ ანგარიშზე ბოიკოტიც არის და აქციების გამოცდილებაც, თუმცა ბოლოს არჩევანი მაინც საკანონმდებლო ორგანოზე გააკეთეს. ამბობენ, რომ ვადამდელი არჩევნების საკითხი მათთვისაც აქტუალურია და მიზნის მისაღწევად პარლამენტი მნიშვნელოვანი პოლიტიკური პლატფორმაა.

ოპოზიციის ნაწილის მიზნების მიღწევა უპერსპექტივოა ”ქართული ოცნებისთვის”. მმართველი პარტია ფიქრობს, რომ ოპონენტების გეგმის და სტრატეგიის მიუხედავად მათი მთავარი საქმიანობა საკანონმდებლო ორგანოში მუშაობა უნდა იყოს.

ვინ, როგორ და რა ფორმით გეგმავს მიზნის მიღწევას ჯერ-ჯერობით ბუნდოვანია. სახელისუფლებო გუნდი ოპონენტებს 2024 წლის არჩევნებისთვის მზადებას ურჩევს, მანამდე კი სამუშაოდ საკანონმდებლო ორგანოში ელოდებიან.

დღის ამბები