28 ნოემბერი 2024,   01:34
ვრცლად
"ხაზარაძე-ჯაფარიძისთვის პარტია "ლელოს" შექმნა იყო მცდელობა, რომ პოლიტიკური მანტიით დაეფარათ საკუთარი დანაშაულებრივი ბუნება" - დავით მათიკაშვილი

სამართლებრივი და პოლიტიკური თაღლითობა - ასეთია "ქართული ოცნების" წარმომადგენლების შეფასება მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის საქმიანობასთან დაკავშირებით. ისინი ამბობენ, რომ ყოველგვარი სპეკულაციები საქმის პოლიტიკურად მოტივირებულად გამოცხადებასთან დაკავშირებით დასრულდა სასამართლოს გადაწყვეტილებით.

გარდა ამისა, უმრავლესობაში ამბობენ იმასაც, რომ პოლიტიკური პარტია „ლელო“ სწორედ ამ თაღლითობის გადასაფარად იყო შექმნილი, რომელიც საქალაქო სასამართლომ დღეს უკვე ოფიციალურად დაადასტურა.

"სასამართლომ ხაზარაძე, ჯაფარიძე, წერეთელი ცნო დამნაშავედ ძალიან მძიმე დანაშაულის ჩადენაში, რასაც თაღლითობა ჰქვია. ასევე იყო არაერთგზის გაჟღერებული, რომ ხაზარაძისთვის და ჯაფარიძისთვის პარტია "ლელოს" შექმნა იყო მცდელობა, რომ პოლიტიკური მანტიით დაეფარათ საკუთარი დანაშაულებრივი ბუნება. ნათელია, რომ დღეს ეს სასამართლო გადაწყვეტილებით დადასტურდა, რომ რეალურად ფიქციას წარმოადგენს პარტია "ლელო" და ხაზარაძის-ჯაფარიძის მცდელობა, რომ პოლიტიკას ამოეფარონ და ამით დამალონ საკუთარი დანაშაული ეს მათ არ გამოუვათ," - განაცხადა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ დავით მათიკაშვილმა.

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე ამბობს, რომ სასამართლოს არ ჰქონია დანაშაულებრივი ფაქტის დადასტურების პრობლემა. მიხეილ სარჯველაძე განმარტავს, რომ შეიცვალა მხოლოდ დანაშაულებრივი კატეგორია.

"ფაქტი, რომელიც ჩაითვალა, რომ არის დანაშაულებრივი, ამის დადასტურებას პრობლემა არ ჰქონია სასამართლო სხდომის განმავლობაში. რაც შეეხება სამართლებრივ შეფასებას, რომ რა ჰქვია ამ დანაშაულს, ეს არის თაღლითობა თუ ფულის გათეთრება და კიდევ სხვა რამ, ამასთან დაკავშირებით აღმოჩნდა განსხვავებული შეხედულებები და სასამართლომ თქვა, რომ ამას ჰქვია არა ეს კატეგორიის დანაშაული, არამედ სხვა კატეგორიის სახელწოდება, მაგრამ დანაშაულია ორივე შემთხვევაში. ყველა სპეკულაციას, რომელიც ამ დავის ირგვლივ კეთდებოდა ამ პერიოდის განმავლობაში, ყველანაირი საფუძველი გამოეცალა. არავითარი მიზეზი პოლიტიკური დევნისა და ა.შ. აღარ მოიპოვება," - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

ცნობისთვის, საქალაქო სასამართლომ მამუკა ხაზარაძე, ბადრი ჯაფარიძე და ავთანდილ წერეთელი სასამართლომ თაღლითობაში დამნაშავედ ცნო, თუმცა საპატიმრო სასჯელისგან გაათავისუფლა.

შეგახსენებთ, "ლელოს" ლიდერებს მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს ბრალი წარედგინათ 2019 წლის 24 ივლისს ჯგუფურად 16 664 000 ამერიკული დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება.

რაც შეხება ავთანდილ წერეთელს, პროკურატურა ბიზნესმენს ბადრი ჯაფარიძისთვის და მამუკა ხაზარაძისთვის უკანონო შემოსავლების ლეგალიზებაში დახმარებას ედავება.

დღის ამბები