28 ნოემბერი 2024,   01:27
ვრცლად
რატომ მოკლეს მარსელში ცოლთან ერთად სამუშაოდ წასული ახალგაზრდა მამაკაცი - "კურიერმა" დანაშაულის სავარაუდო მოტივის შესახებ შეიტყო

რა გახდა მარსელში 25 წლის ალექსი გოგუას მკვლელობის მიზეზი - ცხედრის ჩამოსვენებას მშობლიურ სოფელში ახლობლები და ოჯახის წევრები ელოდებიან. 25 წლის მამაკაცი ქალაქ მარსელში საცხოვრებელ სახლთან ახლოს, ქუჩაში მოკლეს.

სახლში ახლა მოკლულის მამა და და ცხოვრობენ, ტრაგედიაზე საუბარი ჯერ არ სურთ და გადმოსვენების პროცედურების დასრულებას ელოდებიან. ოჯახის ახლობლებმა მკვლელობის შესახებ მოკლულის მეუღლისგან გაიგეს. იციან, რომ 25 წლის მამაკაცი ურთიერთშელაპარაკებისას უცხო ქვეყნის მოქალაქემ მოკლა. ალექსი გოგუა ახალი დაოჯახებული იყო და ის საფრანგეთში სამუშაოდ, ცოლთან ერთად, 5თვის წინ წავიდა.

ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ჩადენილი დანაშაული - სწორედ ამ მიზეზს ასახელებენ ფრანგი სამართალდამცველები მკვლელობის ოფიციალურ მოტივად. დამატებითი დეტალები ჯერ არ გასაჯაროებულა. "კურიერის" ინფორმაციით კი, უცხო ქვეყნის მოქალაქე, ალექსი გოგუას მეუღლის მობილურს მოპარვას ცდილობდა, წინააღმდეგობის გაწევის დროს, ჯიბიდან დანა ამოიღო და მრავლობითი ჭრილობები მიაყენა. დაჭრილი ადგილობრივ საავადმყოფოში გადაიყვანეს , თუმცა მისი გადარჩენა ექიმებმა ვეღარ შეძლეს.
მარსელში მომხდარი მკვლელობის შესახებ იციან ქალაქში მცხოვრებმა ქართველებმაც, "კურიერთან" ამბობენ, რომ პოლიციამ დამნაშავე მალევე დააკავა. გავრცელებული ინფორმაციით, საქმეზე სასამართლოც ჩატარდა და მკვლელი პატიმრობაში დატოვეს.

25 წლის ქართველს მარსელიდან ჩხოროწყუში , სამ დღეში გადმოასვენებენ. პროცესში ჩართულია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს და ხარჯებს სახელმწიფო სრულად დაფარავს.

დღის ამბები