მსოფლიოში ომიკრონის აფეთქებაა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია საზოგადოებას აფრთხილებს - მომავალი 2 თვის განმავლობაში, ომიკრონით ევროპის კონტინენტის ნახევარზე მეტი დაინფიცირდება. მარტო ერთ კვირაში, კონტინენტზე ახალი შტამის 7 მილიონი შემთხვევა დადასტურებული. გადადების უპრეცედენტოდ მაღალი მაჩვენებლის გამო იზრდება ჰოსპიტალიზაციის მატებაც.
ახალი კვლევის შედეგად, კლინიკებში მოხვედრილ არავაქცინირებულთა რაოდენობა 17-ჯერ აღემატება აცრილი პაციენტთა რაოდენობას.
ამ დროისთვის ომირკონის აფეთქებაა ევროპისა და აზიის 50 ქვეყნაში, აშშ-ში კი ბოლო 24 საათში მილიონ სამასი ადამიანი დაავადდა, რაც ახალი მსოფლიო რეკორდია.
აშშ-ში ასი ათასიდან, 60 საავადმყოფოში ხვდება. ამ დროისთვის კლინიკებში ასობით ათასი ამერიკელი მკურნალობს, საავადმყოფოებს კი ახალი პაციენტების მიღება უჭირთ.
"ვირუსის ტალღის პერიოდში, რასთან გამკვლავებასაც ახლა ვცდილობთ, პაციენტების ყველაზე დიდი რაოდენობაა. ბევრი კუთხით, ახლა ყველაზე ცუდი ვითარებაა,"- ამბობს ექიმი ჯეფრი მანსონი.
მხოლოდ იანვარის თვეში, კანადაში ჰოსპიტალიზაციის რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა. გასულ კვირასთან შედარებით, ყოველდღიური შემთხვევები ქვეყნის მასშტაბით, 65%-ით არის გაზრდილი.
ჰანს კლუგეს თქმით, იმ ქვეყნებში, სადაც ვირუსი სწრაფად ვრცელდება და ვაქცინაციის მაჩვენებელი დაბალია, გარდაცვალების შემთხვევები მაღალ ნიშნულს აღწევს.
"ომიკრონი სწრაფად ხდება დასავლეთ ევროპის დომინანტური ვარიანტი. ახლა ის ბალკანეთში ვრცელდება. ამ ტემპით მომდევნო 6-8 კვირაში, რეგიონის 50%-ზე მეტი ომიკრონით დაინფიცირდება . ბოლო კვირებიდან მიღებული ინფორმაცია ადასტურებს, რომ ომიკრონი ძალიან გადამდებია, რადგან ის მუტაციები, რაც მას აქვს, უმარტივებს ადამიანის უჯრედებში შეღწევას და შეიძლება გავლენა იქონიოს მათზეც, ვინც მანამდე იყო ინფიცირებული ან ვაქცინირებული,"- განმარტავს ჰანს კლუგე, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული დირექტორი,.
რთული ეპიდემიოლოგიური ვითარებაა შვედეთშიც, სადაც ინფიცირების მაჩვენებლის რეკორდულად მაღალი ზრდა ფიქსირდება. ბოლო 5 დღეში, დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა გაორმაგებულია. მზარდია ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელიც.
რთული ეპიდვითარების გამო, ლოკდაუნის დაწესებას განაგრძობს ჩინეთი. მიზეზად ომიკრონის სწრაფად გავრცელება სახელდება. ამჯერად 5 მილიონიანი ქალაქი ანიანგი ჩაიკეტა. შეიზღუდა ქალაქიდან გასვლა და დაიხურა ბიზნეს ობიექტები.
ჰონგ-კონგში კი, 5 წლიდან ბავშვების აცრა იწყება. თებერვლამდე საბავშვო ბაღები და დაწყებითი სკოლები აღარ იმუშავებს.
"საბავშვო ბაღები და დაწყებითი სკოლები, ჩინურ ახალ წლამდე შეწყვეტენ სწავლას. თუ ყველაფერი კონტროლქვეშ მოექცევა, სწავლა ახალი წლის შემდეგ განახლდება. შემდეგ სკოლის მოსწავლეების ვაქცინაციას დავიწყებთ,"- აცხადებს ჰონგ-კონგის სპეციალური ადმინისტრაციული რეგიონის აღმასრულებელი დირექტორი, კერი ლემი.
ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით იაპონია უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის საზღვარს კეტავს. აღნიშნული გადაწყვეტილება თებერვლის ბოლომდე დარჩება ძალაში.
"ომიკრონის ვარიანტის განსხვავება, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე გარეთ, აშკარაა. ჰუმანიტარული და ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე, სასაზღვრო ზომებს თებერვლის ბოლომდე შევინარჩუნებთ. ეროვნული მთავრობა ასევე მხარს დაუჭერს ადგილობრივი ხელისუფლების ძალისხმევას, თავდაცვის ძალების მიერ ფართომასშტაბიანი ვაქცინაციის ცენტრის შექმნაში,"- ამბობს იაპონიის პრემიერ-მინისტრი, ფუმიო კიშიდა.