28 ნოემბერი 2024,   01:42
ვრცლად
არეულობის მეათე დღეს ყაზახეთი ცდილობს ცხოვრების ნორმალურ რიტმს დაუბრუნდეს, თუმცა ქვეყანაში შესვლა უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის ისევ აკრძალულია

ყაზახეთის ტერიტორიაზე შესვლა სხვა ქვეყნის მოქალაქეებისთვის კვლავ შეზღუდულია. სამაგიეროდ, ყაზახეთის დატოვება უკვე შეძლეს იმ ადამიანებმა, ვინც არეულობის და მასობრივი შეტაკებების გამო, ქვეყნიდან გამოსვლას ამ დრომდე ვერ ახერხებდა.

არეულობის დაწყებიდან მეათე დღეს ყაზახეთი და ქალაქი ალმატი, რომელიც შეტაკებებისას ეპიცენტრი იყო, ცდილობს ცხოვრების ნორმალურ რიტმს დაუბრუნდეს. ქვეყნის მასშტაბით ტრანსპორტის მოძრაობა ხვალ აღდგება. გაიხსნება საფინანსო სექტორიც. სავალუტო ოპერაციები, საერთაშორისო შესყიდვები და გზავნილები 12 იანვრიდან კვლავ შესრულდება. ყაზახეთის ტერიტორიაზე ბოლო სამი დღეა შეწყდა პროტესტი და მასობრივი გამოსვლები.

საპროტესტო აქციებს და შეტაკებებს ყაზახეთის პრეზიდენტი სახელმწიფო გადატრიალების მცდელობად აფასებს. ყასიმ-ჟომარტ ტოყაევმა დღეს ახალი პრემიერ-მინისტრი და მთავრობის ახალი შემადგენლობა დაამტკიცა.

ალიხან სმაილოვი პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შესრულებას 5 იანვრიდან მას შემდეგ შეუდგა, როდესაც პრეზიდენტმა ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ასკარ მამინი და მთავრობის შემადგენლობა საპროტესტო აქციების დაწყების შემდეგ დაითხოვა. თუმცა ამ გადაწყვეტილების შემდეგ აქციები მასობრივ შეტაკებებში გადაიზარდა და პრეზიდენტ თოყაევის მოთხოვნით ყაზახეთში კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების რაზმები შევიდნენ. ყაზახეთის პრეზიდენტის განცხადებით, სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა ჩაიშალა და უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის სამხედრო რაზმები ქვეყნის დატოვებას ორ დღეში დაიწყებენ.

ხელისუფლების გადაწყვეტილების შესრულებამდე, კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის ძალები აკონტროლებენ ყაზახეთში მდებარე სტრატეგიულად მნიშვნელოვან ადმინისტრაციულ შენობებს. სამხედრო რაზმები ქვეყანაში რუსეთის თავდაცვის მინისტრის განცხადებით, იმ დრომდე დარჩებიან, ვიდრე მისია საბოლოოდ არ ამოიწურება.

ყაზახეთში საპროტესტო გამოსვლები 2 იანვარს ქვეყნის დასავლეთში დაიწყო და შემდეგ სხვა რეგიონებსაც მოედო. პროტესტის მიზეზი ბუნებრივი გაზის ორჯერ გაძვირება გახდა. მასობრივი არეულობების ეპიცენტრად იქცა ქალაქი ალმატი, სადაც ხელისუფლების მოწინააღმდეგეებმა დაიკავეს სტრატეგიული ობიექტები, მათ შორის, მერიის, პრეზიდენტის რეზიდენციის შენობები და აეროპორტი. ოფიციალური ცნობებით ამ დრომდე დაღუპულია 164, ხოლო დაკავებულია 10 ათასამდე ადამიანი.

დღის ამბები