28 ნოემბერი 2024,   01:50
ვრცლად
ოზურგეთის მერის თანაშემწე ბრალის წარდგენას ელოდება - არჩილ ყაზაიშვილი ოჯახური ძალადობის ბრალდებით დააკავეს

ოზურგეთის მერის თანაშემწე ბრალის წარდგენას ელოდება. არჩილ ყაზაიშვილი ოჯახური ძალადობის ბრალდებით დააკავეს. "კურიერის" ინფორმაციით, დაკავებულმა მეუღლეზე სავარაუდოდ ფიზიკურად მცირეწლოვანი ბავშვების თანდასწრებით იძალადა. 

ოჯახური ძალადობის სავარაუდო მსხვერპლი დღეს მედიასთან არ გამოჩენილა. ადვოკატის ინფორმაციით, მას არც პოლიციისთვის მიუმართავს და ძალადობის შესახებ 112-ში შეტყობინება მეზობელმა არასრულწლოვნებმა დატოვეს. შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებების შედეგად კი პოლიციამ ყაზაიშვილი დააკავა. დაკავებულის დედა მომხდარს გაუგებრობას უწოდებს და დარწმუნებულია, რომ მისი შვილი მეუღლეზე არ ძალადობდა.

ხმაური გუშინ საღამოს გაიგეს ყაზაიშვილის სრულწლოვანმა მეზობლებმაც. ისინი ადასტურებენ, რომ ცოლ-ქმარმა სახლში ნამდვილად იჩხუბა.

არჩილ ყაზაიშვილი სახელმწიფო სამსახურში სხვადასხვა დროს სხვადასხვა პოზიციებზე მუშაობდა, ის ამჯერად ოზურგეთის მერიის თანამშრომელია. მომხდარის შესახებ დღეს მედიით შეიტყო მუნიციპალიტეტის მერმა.

მომხდარზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ოჯახში ძალადობას გულისხმობს. დაკავებულს ბრალს ოფიციალურად ხვალ წარუდგენენ, რის შემდეგაც სასამართლო აღკვეთის ღონისძიებაზე იმსჯელებს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, ყაზაიშვილს 3 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

დღის ამბები