28 ნოემბერი 2024,   01:48
ვრცლად
"ვიღაც ბავშვებს დაურეკავთ... რადგან  თანამდებობის პირია, არიქა დაანგრია ქვეყანა" - რას აცხადებენ ძალადობაში ბრალდებული არჩილ ყაზაიშვილის ახლობლები

ოჯახური ძალადობის ბრალდებით დაკავებულია ოზურგეთის მერის თანაშემწე. არჩილ ყაზაიშვილს ცოლზე ფიზიკურ ძალადობაში ადანაშაულებენ. ის უკვე 24 საათია წინასწარი დაკავების იზოლატორშია, მას ბრალს უახლოეს საათებში წაუყენებენ. წინასწარი ინფორმაციით, მან ქალზე მცირეწლოვანი ბავშვების თანდასწრებით იძალადა.

არჩილ ყაზაიშვილის ადვოკატი ამბობს, რომ ის საქმის მასალებს ჯერჯერობით არ იცნობს და ამასთან, მისი დაცვის ქვეშ მყოფმა მედიასთან საუბარიც აუკრძალა. როგორც მერაბ ფუტკარაია აცხადებს, მისთვის ცნობილია, რომ ძალადობის შესახებ პოლიციაში არა ძალადობის სავარაუდო მსხვერპლმა, არამედ სხვა მოქალაქემ დარეკა:

"პრესასთან არანაირი ურთიერთობა არ სურს და ამიკრძალა პრესასთან საუბარი. საქმის მასალებს არ ვიცნობ, მეუღლეს არ დაურეკავს, დარეკა ვიღაც მოქალაქემ," - აცხადებს ადვოკატი მერაბ ფუტკარაია.

ძალადობაში ბრალდებულის დედა აცხადებს რომ მას ძალადობის შესახებ ინფორმაცია არ ჰქონია და შექმნილ სიტუაციას მისი შვილის თანამდებობას უკავშირებს:

"ჩვენ ვცხოვრობთ ცალკე, ეგენი ცალკე. სიყვარულით შექმნილი ოჯახია და არაფერი მე არ გამიგია მსგავსი. ვიღაც ბავშვებს დაურეკავთ. უბრალოდ გავარდა ეგ ამბავი, რადგანთა ნამდებობის პირია, არიქა, დაანგრია ქვეყანა,"- აცხადებს დაკავებულის დედა.

მომხდართან დაკავშირებით საუბარი არ სურს ოზურგეთის მერს. ავთანდილ თალაკვაძე მომხდარს სამწუხაროს უწოდებს და ამბობს, რომ საქმეში სამართალდამცავები უნდა გაერკვნენ.

"არ ვაკეთებ ამასთან დაკავშირებით კომენტარს, სამწუხარო ინფორმაციაა და დანარჩენში თვითონ სამართალდამცავები გაერკვევიან," - განაცხადა ავთანდილ თალაკვაძემ.

დღის ამბები