28 ნოემბერი 2024,   00:47
ვრცლად
ზოგიერთი კომპანია საბითუმო დონეზე მედიკამენტების რეალიზაციას თვითღირებულებაზე მაღალი ფასნამატით ახორციელებს, რაც რიგ შემთხვევებში 1 000%-ს ცდება - კონკურენციის სააგენტო

კონკურენციის სააგენტოს შეფასებით, ფარმაცევტული ბაზარი საქართველოში ევროპის ქვეყნებთან შედარებით რეგულაციების სიმცირით გამოირჩევა- ამის შესახებ საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს ფარმაცევტული ბაზრის მოტინორინგის ანგარიშშია აღნიშნული.

"ფარმაცევტული ბაზარი ქვეყანაში მაღალკონცენტრირებულია – ბაზარზე ფიქსირდება როგორც დომინანტური მდგომარეობის მქონე ეკონომიკური აგენტები, ასევე სახეზეა ჯგუფური დომინანტური მდგომარეობა. აღნიშნულს ემატება ჰორიზონტალური და ვერტიკალური ინტეგრაციის მაღალი ხარისხი და ბაზრის ჰოლდინგური მოწყობა. ბაზრის ამგვარი სტრუქტურა ჰოლდინგურ ჯგუფს/ჯგუფებს ანიჭებს საბაზრო ძალას, იქონიოს/იქონიონ მნიშვნელოვანი გავლენა მედიკამენტების გამოწერაზე პასუხისმგებელ პირებზე, რის შედეგად მიღებული გადაწყვეტილებები შესაძლოა გამომდინარეობდეს არა პაციენტის საუკეთესო ინტერესებიდან, არამედ შეესაბამებოდეს კონკრეტული ჰოლდინგური ჯგუფის/ჯგუფების კომერციულ და ბიზნეს ინტერესებს. ამასთან, სააგენტოს მიერ მონიტორინგის ფარგლებში განხორციელებული ანალიზის შედეგად, დგინდება, რომ ჰოლდინგური ჯგუფების მიერ მეტწილად ხორციელდება ჯგუფში შემავალი კომპანიების მიერ იმპორტირებული/წარმოებული მედიკამენტების რეალიზაცია საცალო დონეზე, რაც წარმოადგენს საერთო რეალიზაციის 50%-ს და მეტს", – აღნიშნულია კონკურენციის სააგენტოს მიერ ფარმაცევტული ბაზრის მონიტორინგის ფინალურ ანგარიშში.

ამასთან, როგორც ანგარიშშია აღნიშნული, სარეცეპტო პოლიტიკა ვერ უზრუნველყოფს ბაზარზე კონკურენტულ გარემოს და არ შეესაბამება პაციენტის საუკეთესო ინტერესებს და სამედიცინო პერსონალსა და ფარმაცევტულ კომპანიებს შორის არსებული ინტერესთა კონფლიქტი საჭიროებს შესაბამის რეგულირებას.

სააგენტო პრობლემად ასახელებს ფასწარმოქმნას – გენერიკული მედიკამენტების რეალიზაცია, ბრენდირებულ მედიკამენტებთან შედარებით ხორციელდება გაცილებით მაღალი პროცენტული ფასნამატით. კერძოდ, ფასნამატი გენერიკულ მედიკამენტებზე რიგ შემთხვევებში აღწევს 200%-ს, ხოლო მედიკამენტებზე, რომლებიც ხელმისაწვდომია სავაჭრო დასახელებებით 20-30%-ის ფარგლებშია. სააგენტოს მიერ იდენტიფიცირებულ იქნა ბაზარზე მოქმედი მცირე კომპანიები, რომლებიც წარმოდგენილი არიან მხოლოდ ბაზრის იმპორტი/წარმოების და შესაბამისად საბითუმო მიწოდების დონეზე და თვითღირებულებასთან შედარებით, მედიკამენტების რეალიზაციას საბითუმო მიწოდების დონეზე ახორციელებენ გაცილებით მაღალი ფასნამატით, რაც რიგ შემთხვევებში ცდება 1000%-ს. მოთხოვნა ამგვარ მედიკამენტებზე საააგენტოს პოზიციით განპირებებულია ბაზარზე არსებული ინტერესთა კონფლიქტის შემცველი ურთიერთობებით. საერთო ჯამში, მსხვილი კომპანიების საშუალო შეწონილი საერთო ფასნამტი მედიკამენტებზე 18-26%-ის ფარგლებშია.

"გენერიკული მედიკამენტები – დარგის საკანონდებლო რეგულირება არ არის მიმართული ბაზარზე გენერიკული მედიკამენტების წილის ზრდაზე,შესაბამისად, გენერიკების ფიზიკური ხელმისაწვდომობა ბაზარზე დაბალია; მომხმარებლის შესაძლო სარგებელი – შესაბამისი საკანონმდებლო რეგულირების და გადაწყვეტილებების მხოლოდ პაციენტის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით მიღების შემთხვევაში, მომხმარებელი ყოველწლიურად იდენტური სამკურნალო ეფექტის მიღების პირობებში დაზოგავს მედიკამენტებზე გასაწევი ხარჯების 25-30%-ს, რაც ბაზრის მოცულობის გათვალისწინებით შესაძლოა იყოს 250 მილიონ ლარამდე;

მედიკამენტების ხარისხი – საკითხთან დაკავშირებით მნიშვნელოვანია ორი მიმართულება: GMP სტანდარტი და გენერიკული მედიკამენტების ბიოეკვივალენტობა. GMP სტანდარტის ამოქმედება იგეგმებოდა 2022 წლის 1-ლი იანვრიდან, თუმცა კომპანიებს მიეცათ კონკრეტული საშეღავათო პერიოდი 2022 წლის 30 ივნისის ჩათვლით. გენერიკული მედიკამენტების ხარისხთან დაკავშირებით ხაზგასასმელია ასევე ბიოეკვივალენტობის საკითხი, რაც ასევე უნდა უზრუნველყოს დარგის მარეგულირებელმა. შედეგად, დარგის მარეგულირებელი უნდა იყოს იმის გარანტი, რომ ბაზარზე მიმოქცევაში არსებული ყველა მედიკამენტი ხარისხიანი და ბიოეკვივალენტურია;

ჯიბიდან გადახდები და კერძო სადაზღვევო კომპანიების როლი – ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული ოფისის მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, 2018 წელს შინამეურნეობების მიერ ჯანდაცვის მომსახურების საერთო საფასურის 75%-ს შეადგენს ჯიბიდან გადახდები. ჯიბიდან გადახდებში მედიკამენტების წილი შეადგენს 69%-ს, ხოლო სტაციონარული მომსახურების ხარჯი 14%-ს. ქვეყანაში მოქმედებს ჯანმრთელობის დაცვის საყოველთაო პროგრამა, რომლის ბენეფიციარსაც წარმოადგენს ქვეყნის ყველა ის მოქალაქე, რომელიც არ სარგებლობს კერძო სადაზღვევო პროგრამებით (გარდა მაღალშემოსავლიანი პირებისა – მოსახლეობის 1%). სააგენტოს მოსაზრებით, აღნიშნული და ის ფაქტი, რომ კერძო სადაზღვევო პაკეტის შეძენის შემთხვევაში პირი ვერ ისარგებლებს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით (გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული გამონაკლისებისა), წარმოადგენს ჯიბიდან გადახდების მაღალი მაჩვენებლის ერთ-ერთ განმაპირობებელ ფაქტორს", – წერია ანგარიშში.

კონკურენციის სააგენტომ ფარმაცევტული ბაზრის მონიტორინგის ფინალური ანგარიშშ მიღებული შედეგები და სააგენტოს მიერ გაცემული რეკომენდაციები გამოაქვეყნა. როგორც ანგარიშშია აღნიშნული, 2020 წელს 2016 წელთან შედარებით მედიკამენტების თვითღირებულება ლარში გაზრდილია 41%-ით, ხოლო ამერიკულ დოლარში 7%-ით, შესაბამისად, თვითღირებულების ზრდა 34%-ით პირდაპირ კავშირშია ლარის გაცვლითი კურსის ცვლილებასთან ან/და შესასყიდი მედიკამენტების თვითღირებულების ზრდასთან უცხოურ ვალუტაში.

 

დღის ამბები