დაპირისპირების და არეულობის მთავარი ეპიცენტრი კვლავ ქალაქი ალმათია - დაპირისპირების შედეგად გარდაცვლილთა და დაშავებულთა რიცხვი იზრდება. ნურსულთანსა და ალმათში ბლოკპოსტები გაჩნდა. ქალაქის შესასვლელს რუსი სამხედროები აკონტროლებენ. კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის წევრი ქვეყნები, ყაზახეთში სამშვიდობო ძალების გაგზავნას აგრძელებენ.
ყაზახეთი საპროტესტო გამოსვლების ფონზე ჰუმანიტარული კატასტროფის საფრთხის წინაშე დგას. 8 დღიანი შეტაკებების შემდეგ ქვეყანაში სურსათის დეფიციტია, შეფერხებით მუშაობენ მარკეტები და აგრარული ბაზრები. ადგილობრივების თქმით, ინტენსიური სროლებისა და აფეთქებების გამო პროდუქტის დისტრიბუცია მთელი ქვეყნის მასშტაბით შეზღუდულია. რთული ვითარებაა საფინანსო სექტორშიც. ყაზახურ საფონდო ბირჟებზე ვაჭრობა შეწყდა.
ამ დრომდე შეზღუდულია ყაზახეთის საზღვრებზე გადაადგილებაც. მაგნისტაუს რეგიონსა და ალმათში საგანგებო მდგომარეობა გაურკვეველი ვადით გახანგრძლივდა.
ადგილობრივი მედიის ცნობით, დღის განმავლობაში პოლიციამ საზღვრის კვეთის დროს 300-მდე შეიარაღებული პირი დააკავა. გავრცელდა ყირგიზეთის მოქალაქის აღიარებითი ჩვენებაც, თანხის სანაცვლოდ არეულობაში მონაწილეობის მიღების შესახებ. კოლექტიური უსაფრთხოების ძალების რუსი ხელმძღვანელობა ამტკიცებს, რომ ყველა სტრატეგიულ ობიექტს კოლექტიური უსაფრთხოების ძალები აკონტროლებენ.
დღეს ადგილობრივ მედიასთან ყასიმ-ჟომარტ თოყაევი არ გამოჩენილა. ოფიციალური წყაროები კი ირწმუნებოდნენ, რომ მოქმედი პრეზიდენტი უშიშროების კომიტეტის ხელმძღვანელად ერის მამად წოდებულმა პირველმა პრეზიდენტმა, ნურსულთან ნაზარბაევმა თავად დანიშნა.
ქვეყნის მმართველებს ვითარების დეესკალაციისკენ მოუწოდებს დასავლეთი. ევროკავშირის უმაღლესმა კომისარმა ყაზახეთთან დაკავშირებით ოფიციალური მიმართვაც გაავრცელა.
ცენტრალური აზიის ბუნებრივი რესურსებით უმდიდრეს ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებს რუსეთ-ჩინეთის ინტერესთა ღია დაპირისპირებას უწოდებენ ამერიკელი ანალიტიკოსები. NATO-ს სტრატეგიულ მრჩეველთა ჯგუფის წევრი და რუსეთის მკვლევარი ტერეზა ფელონი ფიქრობს, რომ რუსეთმა არეულობის ფონზე კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულება საკუთარი პოზიციების გასამყარებლად გამოიყენა, რაც დემონსტრაციების რეალურ საფუძველთან დაკავშირებით ეჭვებს აჩენს.
თხევადი ბუნებრივი აირის გაძვირების გამო დაწყებულ პროტესტს ყაზახეთში ათეულობით ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. დაკავებულია 6 000-ზე მეტი დემონსტრანტი. სახელმწიფო კი რუს სამხედროებთან ერთად საგანგებო მდგომარეობის რეჟიმში ცხოვრობს.